ლეგენდარულმა ჟურნალისტმა ბობ ვუდვორდმა ახალი წიგნი გამოსცა: „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს შედგება. ის ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 20 თვის მანძილზე ასობით საათის განმავლობაში ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა.
448-გვერდიანი წიგნის თანახმად, დონალდ ტრამპი შეპყრობილია მიმდინარე გამოძიებით, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, ჰქონდათ თუ არა პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის წევრებს რუსეთთან კავშირი და გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა ძალაუფლება ბოროტად მაშინ, როდესაც ამ გამოძიების ყოფილი ხელმძღვანელი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
წიგნში პრეზიდენტი დახასიათებულია, როგორც უცოდინარი, თეთრი სახლი კი, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც რეალურ ფუნქციებს ვერ ასრულებს.
წიგნის ერთ ნაწილში ვუდვორდი წერს, რომ პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი ჯონ დოუდი დონალდ ტრამპის დაკითხვისთვის მომზადებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ვუდვორდის ინფორმაციით, პრეზიდენტის კამპანიის რუსეთთან კავშირების შესახებ შეკითხვებზე პასუხად ტრამპი იმდენად ურევდა ფაქტებს ერთმანეთში, რომ მოსამზადებელი პროცესი წარუმატებლად და მისი მრისხანებით დამთავრდა. ამის შემდეგ, გამოძიებას მან კიდევ ერთხელ უწოდა გამონაგონი და თქვა, რომ სულაც არ უნდოდა, რომ დაეკითხათ. ვუდვორდის თქმით, დოუდმა პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ ის ასე უპასუხებდა სპეციალური გამომძიებელ რობერტ მალერის კითხვებს, ის „პატიმრის ნარიჯნისფერ სამოსში“ აღმოჩნდებოდა.
ვუდვორდის წიგნის თანახმად, რამდენიმე თვის შემდეგ ტრამპმა ადვოკატს უთხრა, რომ კარგი მოწმე იქნებოდა და მზად იყო ჩვენების მისაცემად. ადვოკატი მას არ დაეთანხმა და უპასუხა, რომ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, მის დახმარებას ვერ შეძლებდა. მეორე დილით დოუდმა პოზიცია დატოვა.
პრეზიდენტის ახლანდელი ადვოკატები თვეების განმავლობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს სპეციალურ გამომძიებელ მალერის სამართლებრივ გუნდთან პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის თაობაზე, მაგრამ შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.
ვუდვორდი, რომლის ჟურნალისტური გამოძიებაც წინ უძღოდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომას, წერს, რომ თეთრი სახლის ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლები წუხან, რომ პრეზიდენტის ქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო საფრთხის წინ დააყენოს.
მისივე თქმით, თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯონ კელი პრეზიდენტს "იდიოტად" მოიხსენიებს, ამბობს, რომ ეს ყველაზე საშინელი სამსახურია, რაც კი ოდესმე ჰქონია. თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი კი დონალდ ტრამპს მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეს ადარებს.
ასევე ნახეთ: ტრამპი მედიას ისევ აკრიტიკებსვუდვორდი წერს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები აღიარებენ, რომ მისი მაგიდიდან გადაუმალავთ ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტები და ეს "ამერიკის დასაცავად" გაუკეთებიათ.
წიგნის თანახმადვე, პრეზიდენტი ხშირად შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს საკუთარ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. მაგალითად, მის ყოფილ მრჩეველზე უსაფრთხოების საკითხებში, მაკმასტერზე ამბობდა, რომ ის "იაფიან პიჯაკებს" იცვამდა და ამის გამო "ლუდის გამყიდველს" ჰგავდა, აპარატის ყოფილ უფროსს რინს პრიბუსს კი "პატარა ვირთხაც" კი უწოდა.
ვუდვორდი ცდილობდა პრეზიდენტთან გასაუბრებას, თუმცა ამ უკანასკნელმა მასთან საუბარი მანამ არ მოინდომა, სანამ მან წიგნზე მუშაობა არ დაასრულა. პრეზიდენტი წიგნის გახმაურებულ მონაკვეთებს უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ის სრულიად განსხვავებულია იმისგან, როგორც წიგნშია წარმოჩენილი. ოთხშაბათს ის "ტვიტერითაც" გამოეხმაურა ვუდვორდის წიგნს და თქვა, რომ სირცხვილია, როდესაც ვიღაცას შეუძლია ფაქტების საწინააღმდეგოდ დაწეროს სტატია ან წიგნი, რომელშიც სრულიად გამოგონილ ამბებს აღწერს, შექმნის ადამიანის ხასიათის სავსებით საპირისპირო სურათს და ამისთვის პასუხი არ მოეთხოვება. ბოლოს კი დასძინა, რომ არ ესმის, რატომ არ ცვლიან კანონმდებლები ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.
წიგნში მოყოლილი ამბები თეთრი სახლის თანამშრომლებმაც უარყვეს და ყველაფერი განაწყენებულ ყოფილ თანამშრომლებს დააბრალეს. პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა კი თქვა, რომ მას არ უსაუბრია პრეზიდენტთან იმის შესახებ, აპირებს თუ არა ის ჟურნალისტისთვის ჩივილს.