ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცეცხლი და მრისხანება“ - წინააღმდეგობრივი წიგნი დონალდ ტრამპზე


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ამერიკულ მედიაზე მორიგი იერიში მიიტანა. მიზეზი ჟურნალისტ მაიკლ ვულფის პროვოკაციული წიგნი „ცეცხლი და მრისხანება“ გახდა, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის მოღვაწეობის პირველ წელს აღწერს. ავტორი პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანების მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის პატარა ბავშვივით იქცევა და შეიძლება ფსიქიატრიული დახმარებაც კი ესაჭიროებოდეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის არამარტო ძალიან ჭკვიანია, არამედ შესაძლოა „ძალიან სტაბილური გენიოსიც“ იყოს.

წიგნის დეტალები მის გამოცემამდე გახდა ცნობილი და სკანდალი ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაიწყო. თავიდან მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ წიგნში თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგი და პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი სტივ ბენონი, ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის უახლოესი გარემოცვის რუს ადვოკატებთან შეხვედრას, „მოღალატეობრივ“ და „არაპატრიოტულ“ საქციელად აფასებდა.

ამ ინფორმაციამ პრეზიდენტი ძალიან გააღიზიანა და მან ბენონის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ყოფილმა მრჩეველმა სამსახურის დაკარგვასთან ერთად, „ჭკუაც დაკარგა“. ბენონის პასუხმა თითქმის 5 დღე დააგვიანა. მან დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ჟურნალისტის ჩანაწერი „უზუსტო“ იყო.

პარასკევს წიგნის გამოსვლამ, სკანდალი კიდევ უფრო გააღრმავა. იმავე დღეს სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ტრამპმა ავტორს მაიკლ ვულფს „სრულიად ხელმოცარული“ ადამიანი უწოდა, რომელიც „ამბებს იმისთვის თხზავს, რომ თავისი ნამდვილად უინტერესო და ტყუილებით სავსე წიგნი გაყიდოს“. სტივ ბენონის შესახებ კი ტრამპმა თქვა, რომ ის „დაუდევარი“ კაცია, რომელიც სამსახურიდან გაშვების შემდეგ ტიროდა და მას სამუშაოზე დატოვებას ემუდარებოდა.

„ასოშეიტედ პრესის“ თეთრი სახლის მიმომხილველი ჯონათან ლემირი ამბობს, რომ წიგნის ზოგიერთი პასაჟი მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „არის ამ წიგნში რაღაცეები, რაც ბოლომდე აკურატულად არ გამოიყურება. მაგალითად, წიგნის მიხედვით, დონალდ ტრამპმა არ იცოდა, თუ ვინ იყო ჯონ ბეინერი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. თეთრი სახლი აცხადებს, რომ აღნიშნული არამარტო სულელურად ჟღერს, არამედ ტრამპის „ტვიტერის“ არქივის მარტივი შემოწმებითაც ჩანს, რომ მან ბეინერის შესახებ რამდენჯერმე დაწერა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ წიგნი უზუსტობებისგან ბოლომდე დაცული არ არის“ - ამბობს ის.

თუმცა, „ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებიც უზუსტოა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ავტორს მაიკლ ვულფს თეთრ სახლზე წვდომა არ ჰქონია და პრეზიდენტთან არ უსაუბრია, მაშინ როცა ვულფი ამტკიცებს, რომ ტრამპთან მისი კომუნიკაცია დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა.

ჯონათან ლემიერი ამბობს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადება უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ჟურნალისტებმა, რომელთა შორის მეც ვიყავი, თეთრ სახლში წიგნის ავტორი მაიკლ ვულფი არაერთხელ ვნახეთ. საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც მას გულზე ეკიდა, არ იყო სტანდარტული მედიის აი-დი, რომლითაც ჟურნალისტს ჩვეულებრივ, მხოლოდ ბრიფინგზე დასწრების და რამდენიმე სხვა ადგილზე შესვლის უფლება გაქვს, არამედ მას გაცილებით ფართო და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა“.

პრეზიდენტმა პარასკევს დილით, წიგნის სათაური არც მიუთითა, ისე მოიხსენია ის „ყალბი მედიის“ ნაწილად. ავტორი მაიკლ ვულფი ამბობს, რომ წიგნში „აბსოლუტურად ყველაფერზე“ პასუხს აგებს და რომ თავიდანვე ელოდა იერიშს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან.

მეორეს მხრივ, ბევრი დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს, რომ ვულფი ადრეც აქვეყნებდა პროვოკაციულ მასალებს, რომელიც მოგვიანებით უსაფუძვლო, ან სადავო აღმოჩნდებოდა ხოლმე. ის მუშაობდა რამდენიმე ცნობილ გამოცემაში, მათ შორის "გარდიანში", "ვენითი ფეარში" და "ჰოლივუდ რეპორტიორში". ვაშინგტონის ვეტერანი ჟურნალისტი მაიკ ალენი ამბობს, რომ წიგნის „ცეცხლი და მრისხანება“ ზოგიერთ ნაწილში მართლაც არის საეჭვო პასაჟები, ან ადგილები, რომელიც აშკარად არღვევს რესპონდენტისთვის მიცემულ კონფიდენციალურობის პირობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG