შვიდთვიანი პოლიტიკური ვაჭრობა უნდა გაზრდილიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რიცხვი 150-დან 190-მდე, პოლიტიკური კლასის მიერ საბოლოოდ უარყოფილი იქნა.
მმართველი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ და ფორმალურად ოპოზიციური ჯგუფები - „ქრისტიან-დემოკრატები“, „მემარჯვენეები“, ედპ და სხვები, ამ ინიციატივას ივნისის ბოლოდან აქტიურად ლობირებდნენ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი „ოპოზიციური რვიანი“ უშედეგოდ ჩამოიშალა
პოლიტიკური კლასის ივნისის „ვიწრო შეთანხმების“ მიხედვით, 107 დეპუტატი პროპორციული წესით, 83 კი მაჟორიტარული წესით უნდა არჩეულიყო. პარტიების ეს შეთანხმება 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგებოდა. მაშინ 2 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი.
დეკემბერში მიღწეული „ახალი კომპრომისით“ კი 2012 წელს პარლამენტში ისევ 150 დეპუტატს აირჩევენ. ოკუპირებული ლიახვის ხეობისა და ახალგორის რაიონის მაჟორიტარების შეკვეცის ხარჯზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, 75-ის ნაცვლად, 73 მაჟორიტარით და 77 პარტიული სიით გასული დეპუტატით დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა
„დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ვფიქრობთ, რომ ის განაწილება, რაც გულისხმობს 150 კაციანი პარლამენტის შემთხვევაში, 77 მანდატის პროპორციული, ხოლო 73 მანდატის მაჟორიტარული წესით განაწილებას, არის ოპტიმალური.
ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმება, რაც უკავშირდება პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერებას. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შევა პარლამენტში, გადალახავს ხუთ პროცენტიან ბარიერს ექნება საშუალება შექმნას ფრაქცია.“
კიდევ ერთი „მნიშვნელოვან კომპრომისს“, პოლიტიკური კლასი კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ქვორუმის გაზრდას უწოდებს. აქამდე, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმების 2/3 იყო საჭირო, 2013 წლის 1 დეკემბრიდან კი ეს მარჟა დეპუტატების საერთო რაოდენობის 3/4-მდე გაიზრდება.
ამის პარალელურად, მმართველმა პარტიამ კვლავ ჩააგდო, მისთვის მიუღებელი მრავალი რეკომენდაცია. მათ შორის, ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარებისთვის 30 პროცენტიანი ბარიერის, 50 პროცენტამდე გაზრდის საკითხი. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი ამბობს
„დღევანდელი კანონდებლობით და სხვათაშორის ახალი კანონპროექტითაც, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური პარტია რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 30-35 პროცენტს, მას შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
ანუ ერთ პარტიას არასამართლიანად, ცოტა ხმების მიღების საფუძველზე შეუძლია ძალიან დიდი ოდენობით დეპუტატების შეყვანა პარლამენტში.
ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის აუცილებელი იყოს 50 პროცენტიანი ბარიერი. დღევანდელი პრაქტიკით, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 100 პროცენტს ერთი პარტია, ამ შემთხვევაში მმართველი პარტია აკომპლექტებს.“
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული წესით პარლამენტში, 150 შესაძლებლიდან - 135 დეპუტატი გაიყვანა.
ოთხი წლის შემდეგ, „ნაციონალებმა“ პროპორციულით 48, ხოლო მაჟორიტარული წესით 71 მანდატი მოიგეს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ 75-დან, მხოლოდ ოთხი მაჟორიტარული ოლქი წააგო. თბილისის ორი უბანი: ვაკე და დიდუბე, ასევე ყაზბეგი და ცაგერი, სადაც რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, ერთის მხრივ, აუცილებელი იყო, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, მეორეს მხრივ კი, ერთმანდატიანი ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ არსებული დიდი უთანასწორობის აღმოფხვრა. ნინა ხატისკაცი კერძოდ ამბობს
„2010 წლის ჩათვლით არის მრავალი გამოკითხვა ჩატარებული, რომელთა მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი თავის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, 80 პროცენტზე მეტს მათთვის საერთოდ არ მიუმართავს.
აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, შესაძლებელია 150 დეპუტატის ფარგლებში, მაგალითად 100 დეპუტატი იყოს პროპორციული სიით არჩეული, 50 იყოს მაჟორიტარული სისტემით არჩეული. და ამ 50 მაჟორიტარ დეპუტატს გადაუნაწილდეს საქართველოს ტერიტორია მოსახლეობის და არა მუნიციპალიტეტების მიხედვით.
არ არის აუცილებელი და არასწორია ეს პრინციპი, რომ ერთ რაიონში 6 ათას ამომრჩეველს და მეორე რაიონში 150 ათას ამომრჩეველს ერთი ხმა ჰქონდეს, ეს უბრალოდ არასამართლიანია.
რეკომენდაციებიდან გათვალისწინებულია შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მართლაც რეალურად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს გათვალისწინებული საერთოდ არ არის.“
არათანაბარი რაოდენობის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები ვენეციის კომისიის შეფასებით „საქართველოში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპს ძირს უთხრის.“ კომისია ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში იმგვარი შესწორების რეკომენდაციას იძლეოდა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა თანაბარ რაოდენობას უზრუნველყოფდა.
პოლიტიკური კლასის დაჩქარებული „კომპრომისის“ შედეგად, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკვე აღარ მოხდება. ეს „კომპრომისი“ ოპოზიციის ახალი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ჯგუფების („თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“, „ქართული ოცნება“ და სხვები) გარეშე შედგა.
მაშინ როცა, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 32 პროცენტი გეგმავს.