რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მეხუთე კვირაა, რაც ის პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს პოკროვის კოლონიაში იხდის.
ის, რომ პუტინის მთავარი კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა შეატყობინეს, რომლებიც კოლონიაში ბოლო ვიზიტის დროს ალექსეი ნავალნისთან არ შეუშვეს. როგორც ადვოკატები ამბობენ, მათ ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ ნავალნი საკუთარი სურვილით იტარებდა სამედიცინო შემოწმებას.
ასევე ნახეთ: შეერთებული შტატები რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს
ნავალნის ადვოკატები ამბობენ, რომ გასულ კვირას ნავალნის ტკივილები ჰქონდა ზურგის არეში და ფეხში შეგრძნების დაკარგვის განცდა ჰქონდა, თუმცა მას ექიმმა ადვოკატების განცხადებით, ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი მისცა.
ნავალნი მოსკოვში 2 თებერვალს დააკავეს, მაშინ როცა ის რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. უკვე დამტკიცებულია, რომ ნავალნი რუსეთში "ნოვიჩოკით" რამდენიმე თვის წინ მოწამლეს და მისი გადარჩენა გერმანელმა ექიმებმა შეძლეს.
ასევე ნახეთ: რუსული წყაროების მიხედვით, ნავალნი პოკროვის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი
ადვოკატების გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს. მეტიც, კრემლში ამბობენ, რომ ნავალნი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაოფილებელია.
საპატიმროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმებულია და ის დამაკმაყოფილებელია.
ნავალნი საპატიმროში კიდევ 2 წლის განმავლობაში დარჩება.