რუსული სააგენტო "ტასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ქალაქ პოკროვის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. თუმცა, ანტი-კორუფციონერის ოფისში ამბობენ, რომ ოფიციალური ცნობა ნავალნის ადგილსამყოფელის შესახებ არ მიუღიათ.
"ტასის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს წერილი, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებაა საუბარი და სადაც ნათქვამია, რომ ნავალნი IK-2 ტიპის დაწესებულებაშია გადაყვანილი. წერილიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერი იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიყვანეს.
შეკითხვები ნავალნის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა ადვოკატებმა თქვეს, რომ ვლადიმირის რეგიონში, საპატიმროში მათ განუცხადეს, რომ ნავალნი იქ აღარ იმყოფებოდა.
პუტინის კრიტიკოსი ნავალნი, სასჯელს თებერვლიდან იხდის. რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო პირობით სასჯელის წესების დარღვევაში და მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვინაიდან ნავალნის, ამავე ბრალდებისთვის მანამდე მოხდილი აქვს სასჯელის ვადა, სასამართლოს მიერ დაწესებული განაჩენი შეუმცირდა და ის საპატიმროში, ჯამში, 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს.
რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა, ნავალნის წინააღმდეგ საჩივარი იანვრის შუა რიცხვებში შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნავალნიმ პირობითი სასჯელის მოხდის წესები დაარღვია, როცა ქვეყანა დატოვა და საპატიმროში არ გამოცხადდა.
ნავალნიმ ქვეყანა დატოვა, თუმცა არა საკუთარი ნებით. ის საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ, ოჯახის წევრებმა და თანაპარტიელებმა, კომაში მყოფი გერმანიაში გადაიყვანეს.
ნავალნი გერმანიაში ხუთი თვე იმყოფებოდა და იქ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. 2021 წლის 17 იანვარს, ის რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
Facebook Forum