დატვირთული კვირის წინ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვიდეოზარის საშუალებით იკრიბებიან. მომდევნო კვირას, რუსეთთან უკრაინის თაობაზე დაგეგმილი მოლაპარაკების დაწყებამდე, ნატოს მინისტრები საერთო სტრატეგიის თაობაზე კოორდინაციის მიზნით, პოზიციების შეჯერებაზე მუშაობენ.
ამერიკის და რუსეთის ვეტერანი დიპლომატები ჟენევაში 10 იანვარს შეხვდებიან და კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკებას გამართავენ. იმავე დღეს ბრიუსელში ჩადის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ბელგიის დედაქალაქში მდებარე ნატოს მთავარ ოფისს ეწვევა.
ამის შემდეგ 12 იანვარს, ნატო-რუსეთის საბჭო შეიკრიბება. საბჭოს შეხვედრა 2019 წლის შემდეგ აღარ გამართულა. აქაც საუბარი უკრაინაზე წარიმართება, მხარეების მოქმედებათა გამჭვირვალობაზე და რეგიონში რისკების შემცირებაზე.
ასევე ნახეთ: 12 იანვარს ნატოს და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება13-14 იანვარს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საფრანგეთში გამართავენ შეხვედრას. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეებთან ერთად, ისინი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებზე იმსჯელებენ, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციას მიმართავს.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთს კვლავ ათობით ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაბეჯითებით ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით მეტად აღარ გაფართოვდება. რუსეთმა ასევე ღიად მოითხოვა, რომ საქართველოს და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე ნატომ უარი უთხრას.
დასავლეთის ქვეყნების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი სამომავლო გზა. ეს ბოლო კვირის მანძილზეც არაერთხელ დადასტურდა. "გერმანია და შეერთებული შტატები, რუსეთის ქმედებას აღიქვამენ, როგორც ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობისთვის შექმნილ გადაუდებელ გამოწვევას" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მასპინძლობდა.
ასევე ნახეთ: რუსეთის უკრაინაში შეჭრას "მყისიერი რეაგირება" მოჰყვება - აშშ-გერმანიის ერთობლივი განცხადება"ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის საზღვრებზე, ისევე როგორც მოსკოვის მზარდ, მკაცრ რიტორიკას" - თქვა პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ვაშინგტონში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, ბერბოკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესია კრემლს "ძვირი დაუჯდება".
ანალოგიური განცხადება გააკეთა ბლინკენმაც. მისი თქმით, "თუ რუსეთი შემდგომ ესკალაციას მაინც გადაწყვეტს, ჩვენ მყისიერი რეაგირება გვექნება". ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ ევროპას შეუძლია გამოიყენოს ბერკეტად "ჩრდილოეთის ნაკადი 2", გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს და რომლის ამუშავება ჯერჯერობით შეჩერებულია.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, 6 იანვარს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. პენტაგონის განცხადებით, საუბარი "უკრაინის საზღვრებზე რისკების შემცირებას" ეხებოდა.
___
მასალაში გამოყენებულია "როიტერის" და "პოლიტიკოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.