ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უკრაინაში შეჭრას "მყისიერი რეაგირება" მოჰყვება - აშშ-გერმანიის ერთობლივი განცხადება


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი (მარცხნივ) პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენთან (მარჯვნივ), აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად. 5 იანვარი, ვაშინგტონი, 2022 წ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი (მარცხნივ) პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენთან (მარჯვნივ), აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად. 5 იანვარი, ვაშინგტონი, 2022 წ.

შეერთებული შტატები და გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ლიდერები კრემლს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შედეგები იქნება "მასიური" და "მწვავე". ეს ახალი გაფრთხილება ამერიკა-რუსეთს შორის ჟენევაში მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილ მოლაპარაკებას სულ რამდენიმე დღით უსწრებს წინ.

"ორივე, გერმანია და შეერთებული შტატები, რუსეთის ქმედებას აღიქვამენ, როგორც ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობისთვის შექმნილ გადაუდებელ გამოწვევას" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მასპინძლობდა.

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის საზღვრებზე, ისევე როგორც მოსკოვის მზარდ, მკაცრ რიტორიკას" - თქვა პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ვაშინგტონში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, ბერბოკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესია კრემლს "ძვირი დაუჯდება".

ანალოგიური განცხადება გააკეთა ბლინკენმაც. მისი თქმით, "თუ რუსეთი შემდგომ ესკალაციას მაინც გადაწყვეტს, ჩვენ მყისიერი რეაგირება გვექნება". ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ ევროპას შეუძლია გამოიყენოს ბერკეტად "ჩრდილოეთის ნაკადი 2", გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს და რომლის ამუშავება ჯერჯერობით შეჩერებულია.

ამერიკა დიდი ხანია აკრიტიკებს რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდებას, რაც უკრაინის გვერდის ავლით ხდება და კიევს ძლიერ აზარალებს. ვაშინგტონი მოუწოდებს ბერლინს დაბლოკოს $11 მილიარდად შეფასებული მილსადენის ამუშავება, როგორც პოტენციური სანქცია, რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში.

ამ ეტაპზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კრემლის მიმართ უკრაინასთან დაკავშირებით, დასავლეთში კონსენსუსია. ევროკავშირთან უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება "რუსეთისთვის მწვავე შედეგების მომტანი კონკრეტული [სანქციების] პაკეტის თაობაზე", თუკი მოსკოვი შემდგომ ესკალაციაზე წავა და უკრაინაში შეიჭრება.

რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი ითხოვს პირობას, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება რუსეთის მიმართულებით აღარ მოხდება. კრემლმა ღია ტექსტით მოითხოვა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრას უკრაინას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამაზე პასუხად არაერთხელ განაცხადა, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი გზა და არცერთ მესამე ქვეყანას მათი დაბლოკვის უფლება არ გააჩნია.

ამერიკის პრეზიდენტმა 2 იანვარს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე დგას. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, "გადაჭრით საპასუხო ზომებს" მიმართავს, თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG