ნატომ 8 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. დასავლურ ალიანსში რუსეთის სადამკვირვებლო მისია განახევრდება. ეს ალიანსის პასუხია რუსეთის მხრიდან ევროპაში ჯაშუშობის სავარაუდო საქმეებზე, რომლებიც ასევე გულისხმობს მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და აფეთქებებს.
ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, დიპლომატებს ბრუსელის დასატოვებლად ვადა ოქტომბრის ბოლომდე აქვთ. "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ნატოში კიდევ ორი რუსი დიპლომატის ვაკანტური პოზიცია კი აღარ შეივსება. ალიანსში მიიჩნევენ, რომ დიპლომატები დაზვერვის არაოფიციალური თანამშრომლების ფუნქციებს ასრულებენ.
ასევე ნახეთ: იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის სიძლიერე ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს
რუსი დიპლომატებისთვის აკრედიტაციების გაუქმების შესახებ ცნობები პირველად ბრიტანულმა "Sky News"-მა გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება მალევე დაკმერს რუსმა კანონმდებლებმა და თქვეს, რომ საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა არა აუცილებლად იდენტური.
ნატოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თუკი აქამდე რუსეთის ფედერაციას ალიანსში 20 აკრედიტებული პირის ყოლა შეეძლო, მათი რაოდენობა 10-მდე მცირდება. "ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ. ამავე დროს ღია ვრჩებით არსებითი დიალოგისთვის", - განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
კრემლი კი აცხადებს, რომ ნატოს გადაწყვეტილება "თითქმის სრულად" აქრობს ნებისმიერ იმედს იმის შესახებ, რომ ურთიერთობები რუსეთსა და ალიანსს შორის შესაძლოა გაუმჯობესდეს.
"ნატოს წარმომადგენლების განცხადებებს შორის ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მათ რეალურ ქმედებებს შორის ნათელი შეუსაბამობაა. ეს ნაბიჯები რა თქმა უნდა არ გვაძლევს რაიმე ილყზიას იმის შესახებ, რომ ნატოსთან დიალოგის განახლება ან ურთიერტობების ნორმალიზება შესაძლებელია. ამის პერსპექტივას თითქმის სრულად აქვს ძირი გამოთხრილი", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს.