ნასა "არტემისით" მთვარეზე ისტორიული გაფრენისთვის ემზადება

ნასას ახალი თაობის მთვარის რაკეტა და სარაკეტო სისტემა "არტემისი-1". კენედის კოსმოსური ცენტრი კეიპ-კანავერალში, ფლორიდის შტატი, აშშ.

სახელგანთქმული "აპოლოს" ეპოქიდან ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ, ნასა "არტემისით" ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე აბრუნებს. მართალია, ამერიკელი ასტრონავტების მიერ უშუალოდ მთვარეზე ფეხის დადგმამდე ჯერ კიდევ 3 წელი რჩება, თუმცა სამზადისი უკვე დაიწყო და ორშაბათს, 29 აგვისტოს პირველი სატესტო გაფრენა მოხდება.

ფლორიდის შტატში დაგეგმილი უახლესი და უმძლავრესი სარაკეტო სისტემის გრანდ-დებიუტის დროს, ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო წარმოადგენს ახალი თაობის მეგარაკეტად წოდებულ კოსმოსური ხომალდების გაშვების სისტემას (SLS). ორშაბათსვე მოხდება ეკიპაჟისთვის განკუთვნილი "ორიონის" კაფსულის პრეზენტაცია.

მისია "არტემისი -1" ტრადიციულად სტარტს კეიპ-კანავერალში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღებს. პირველი ვოიაჟის დროს უეკიპაჟო კაფსულა მთვარეს წრეს დაარტყამს და ექვსკვირიანი ფრენის შემდეგ, 10 ოქტომბერს დედამიწაზე, წყნარ ოკეანეში დაეშვება.

ასევე ნახეთ: ისტორიული მისია შესრულდა - "შეუპოვრობა" მარსზე დაეშვა

ახალი სარაკეტო სისტემის განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დიზაინის, კონსტრუქციის, ტესტირებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ნასას ის დაახლოებით $37 მილიარდი დაუჯდა. პროექტში ათასობით ადამიანი დასაქმდა, სამთავრობო სააგენტოს კონტრაქტორ კომპანიებს შორის კი იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა მაგალითად "ბოინგი" და "ლოკჰედ მარტინი".

"არტემისი" (ქართული შესატყვისი - არტემიდა), ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, "აპოლოს" (ქართულად - აპოლონი) ტყუპისცალია. ნასაში ის სიმბოლურად "ძმის" მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და მომავალში კიდევ უფრო შორს, მარსზე გაფრინდება. "აპოლოს" პროგრამით მთვარეზე 1969-1972 წლებში 12 ამერიკელი ასტრონავტი გაფრინდა. დღემდე მთვარეზე დედამიწიდან ფეხი სხვა ადამიანს არ დაუდგამს.

წინა კვირას ნასამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 13 პოტენციური ზონა დაასახელა, სადაც მკვლევართა ახალი თაობების გაშვებას გეგმავს. მათ შორის იქნებიან პირველი ქალი მთვარეზე და პირველი ფერადკანიანი, რომელიც დედამიწის თანამგზავრს ეწვევა.