დედამიწის ფარგლებს გარეთ მყოფ რობოტებს შორის, "ოპორტუნიტიმ" ყველაზე ხანგრძლივად იმუშავა და 14 წელზე მეტხანს იცოცხლა. ნასამ, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ, დღეს გამოაცხადა, რომ პლანეტა მარსზე მყოფმა რობოტმა არსებობა შეწყვიტა. "თქვენს წინაშე დიდი პატივისცემის და მადლიერების გრძნობით ვაცხადებ, რომ "ოპორტუნიტის" მისია დასრულებულია" - თქვა ტომას ზარბუკენმა, ნასას წარმომადგენელმა.
დაახლოებით 8 თვის წინ, მარსის ზედაპირზე ძლიერი და მასშტაბური ქვიშის შტორმი დაიწყო. ქარიშხლის დაწყებისთანავე, ნასამ მზის ბატარეებზე მომუშავე "ოპორტუნიტი" ენერგიის დაზოგვის მიზნით, ძილის რეჟიმზე გადაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ რობოტი მართვის ცენტრის განკარგულებებზე აღარ რეაგირებდა.
თავიდან, მის მარსზე გაშვებისას, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ რობოტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 3 თვე იქნებოდა. ამის მიუხედავად, "ოპორტუნიტიმ" თითქმის 15 წელი იცოცხლა და დედამიწაზე აქამდე არნახული ფოტოები გამოაგზავნა.