ნასამ კეპლერის ტელესკოპი დროებით მიაძინა

საწვავის სიმცირის და მისი დაზოგვის მიზნით, ნასამ კოსმოსური ხომალდი კეპლერი გასული კვირის ბოლოს, დროებით მიაძინა. მართვის ცენტრი იუწყება, რომ კეპლერის ჩართვას აგვისტოს დასაწყისში შეეცდებიან.

ხომალდზე გიგანტური ტელესკოპით აღჭურვილი კოსმოსური ობსერვატორიაა მოთავსებული. ტელესკოპით ბოლო 9 წლის მანძილზე 3 ათასზე მეტი სამყაროს არსებობა დადასტურდა და მან კიდევ უფრო მეტი პოტენციური კანდიდატი იპოვა. კეპლერის საშუალებით ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი არაერთი პლანეტაც აღმოაჩინეს.

ხომალდი კოსმოსის უკეთ შესწავლის მიზნით, ნასამ 2009 წელს გაუშვა. მას სახელი მე-17 საუკუნის გერმანელი ასტრონომის იოჰანეს კეპლერის პატივსაცემად დაარქვეს.

კეპლერის მისიის ხანგრძლივობა თავიდან მხოლოდ 3-4 წლით იყო განსაზღვრული. ხომალდს ამ ხნის მანძილზე არაერთი ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თუმცა მართვის ცენტრის განმარტებით, საწვავის ნაკლებობას ჯერჯერობით ვერაფრით შველიან. საწვავი აუცილებელია იმისთვის, რომ ტელესკოპმა ანტენა დედამიწისკენ მომართოს და ინფორმაცია მართვის ცენტრში გამოაგზავნოს.