ქალი, რომელიც აშშ-ის ძალაუფლების ვერტიკალში რიგით მესამე პოლიტიკოსია

დემოკრატებმა 8-წლიანი პაუზის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს და ახალი მანდატებით ვაშინგტონში საქმიანობას იწყებენ. ნენსი პელოსი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი იყო, დღეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს. თანაპარტიელებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, პელოსიმ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პოსტს მხოლოდ 4 წლით ჩაიბარებს.

ვინ არის ნენსი პელოსი და როგორ გახდა ის, ახლა უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ძალაუფლების ვერტიკალში, რიგით მესამე* პოლიტიკოსი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ? გთავაზობთ ნენსი პელოსის ბიოგრაფიის რამდენიმე საინტერსო დეტალს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კარიერის მთავარი მომენტები

პელოსი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური ფიგურაა. მისი სრული სახელია ნენსი პატრიცია დე-ალესანდრო პელოსი. ის კონგრესში** კალიფორნიის მე-12 საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ქალაქ სან-ფრანცისკოს და სან-ფრანცისკოს ოლქის ოთხ მეხუთედს. პელოსის სტაჟი კონგრესში 1987 წლიდან იწყება და 30 წელს აჭარბებს.

78 წლის კანონმდებლის გვარის გასწვრივ რამდენჯერმე ნახავთ სიტყვას „პირველი“. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამერიკის ისტორიაში პელოსი ყველაზე მაღალი რანგის მქონე ქალი პოლიტიკოსია. ამ ფაქტს განსაზღვრავს წარსულში, წარმომადგენელთა პალატაში მისი ოთხწლიანი ვადით სპიკერობის პერიოდი და დღეიდან იმავე პოსტის ხელახლა დაკავება.

ის ასევე არის პირველი ქალი, პირველი კალიფორნიელი და პირველი იტალიური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის რიგით 52-ე და ახლა რიგით 54-ე სპიკერი გახდა. სპიკერის პოსტზე მან 2007-2011 წლებში იმსახურა, შემდეგ კი პალატის დემოკრატ უმცირესობას ჩაუდგა სათავეში და დღემდე ამ მოვალეობას ასრულებდა.

კოლეგები ნენსი პელოსის ახასიათებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სპიკერს და ენერგიულ, ძლიერ, გამოცდილ, გამარჯვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსს. მედიას მან თავი დაამახსოვრა მძაფრი, მაგრამ ღიმილიანი, სარკაზმით გაჯერებული გამოსვლებით.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ პელოსის მხარდაჭერის გარეშე, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) კრიტიკულ მომენტში საბანკო რეფორმას ასე სწრაფად და ეფექტურად ვერ გაატარებდა, რასაც სპეციალისტები აფასებენ, როგორც 2007 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისკენ გადადგმულ, პირველ სწორ ნაბიჯს. ამას გარდა, პელოსის გარეშე, დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვერ დაამტკიცებდა „ობამაქეარად“ წოდებულ ჯანდაცვის რეფორმას, რომლის გაუქმება რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ სცადა, მაგრამ - წარუმატებლად.

ნენსი პელოსის CV წლების მიხედვით:

  • 1970-74 - მოხალისე დემოკრატიული პარტიის არჩევნებზე
  • 1976 - კანდიდატ ჯერი ბრაუნის კამპანიის მენეჯერი
  • 1981-83 - კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
  • 1987 - აირჩიეს კანონმდებლად კალიფორნიიდან და მას შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ირჩევდნენ
  • 2002 - წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი
  • 2007-11 - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
  • 2011-19 - წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი
  • 2019-... - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ის ბალტიმორში დაიბადა, იტალიელ ამერიკელთა ოჯახში. დედა პირველი თაობის იმიგრანტი იყო, ღრმად მორწმუნე ქალი, რომელიც ოცნებობდა, რომ მისი შვილი კათოლიკური ეკლესიის მონაზონი გამხდარიყო. 6 შვილში ნენსი ყველაზე უმცროსი და ერთადერთი გოგო გახლდათ. მამა დემოკრატი პოლიტიკოსი ჰყავდა, რომელიც მერილენდის კონგრესმენად მსახურებდა. ნენსი 7 წლის იყო, როცა მისი მამა ბალტიმორის მერი გახდა და ამ პოსტზე 12 წელი იმსახურა. ნენსის უფროსი ძმაც დემოკრატი პოლიტიკოსი იყო და 4 წლის მანძილზე ისიც ედგა ბალტიმორს სათავეში.

პოლიტიკა ბავშვობიდან აინტერესებდა. 16 წლის ასაკში გაიცნო პირველად ჯონ კენედი, მაშინ მასაჩუსეტსის შტატის სენატორი, 20 წლის კი ვაშინგტონში, უკვე პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა. ამ ყველაფერმა ნენსიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პოლიტიკა ბავშვობიდან ხიბლავდა და ახალგაზრდობაშიც პოლიტიკოსობა სურდა. დაამთავრა ნოტრ დამის ინსტიტუტი და ტრინიტის კოლეჯი პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის ხარისხით.

23 წლიდან გათხოვილია და 5 შვილი ჰყავს. მისი ქმარი პოლ პელოსი ბანკირი და ინვესტორი იყო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ნენსი იურისტობას გეგმავდა, მაგრამ გათხოვების გამო გეგმები გვერდით გადადო და წლების მანძილზე მხოლოდ 5 შვილის აღზრდით იყო დაკავებული.

ქონებრივი მდგომარეობა

ვაშინგტონის გამოცემის „როლ-ქოლ“ მიხედვით, რომელიც კონგრესის წევრთა ქონებრივ მდგომარეობაზე მასალებს ყოველწლიურად აქვეყნებს, ნენსი პელოსი მილიონერია და ის კონგრესის ყველაზე მდიდარ 15 წევრს შორის არის. მეუღლესთან ერთად, პელოსების ოჯახის საერთო ქონება დაახლოებით 26 მილიონ დოლარს შეადგენს.

პელოსები ფლობენ ვენახებს ნაპა-ველიში, რომლის ღირებულება 5 მილიონს აღწევს და კომერციულ ფართებს სან-ფრანცისკოში. „როლ-ქოლის“ ინფორმაციით, მის მეუღლეს ინვესტიციები აქვს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „ეფლი“, „ფეისბუქი“, „კომკასტი“, „უოლტ დისნეი“ და სხვა.

--------------------------------

* წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ამერიკაში ძალიან მაღალი რანგის თანამდებობაა. მის პასუხისმგებლობებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციით, სპიკერი, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლების გადაბარებაში, ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ მოდის. თუ პრეზიდენტს ოფისის დატოვება შემცვლელის არჩევამდე და მის ინაუგურაციამდე მოუწევს (სიკვდილის, გადადგომის, ან გათავისუფლების გამო), მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს. თუ ვიცე-პრეზიდენტს არ შეუძლია პოსტის გადაბარება, ძალაუფლების ვერტიკალით რიგში შემდეგი წარმომადგენელთა პალატის სპიკერია.

** ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ორი პალატისგან შედგება: წარმომადგენელთა პალატა (435 კანონმდებელი) და სენატი (100 კანონმდებელი). კანონმდებლებს პირდაპირი არჩევნების წესით ირჩევენ, წარმომადგენელთა პალატაში 2 წლით და სენატში 6-ით. წარმომადგენელთა პალატაში ხმის უფლების გარეშე კიდევ 6 კონგრესმენია: კოლუმბიის ოლქის, პუერტო-რიკოს, ამერიკული სამოის, გუამის, ჩრდილოეთ მარიანის და ამერიკული ვირჯინიის კუნძულების. მართალია, მათ კენჭისყრის დროს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მაგრამ ისინი კონგრესის კომიტეტებშიც მუშაობენ და კანონპროექტის წარდგენის უფლებაც აქვთ.