ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატი კანონმდებელი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე კონგრესში განხილვის დაწყებას არ გამორიცხავს. ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენის, ჯერალდ ნადლერის თქმით, ამერიკის ლიდერმა "გარს თაღლითები შემოიკრიბა" და 2016 წლის არჩევნების მოსაგებად გახდა გაცილებით უფრო ფართო "შეთქმულების ნაწილი, რომელიც ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყო მოწყობილი".
აღნიშნული განცხადება დემოკრატმა კონგრესმენმა კვირას ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ეთერში გააკეთა. ჯერალდ ნადლერი იანვარში, ახალ კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გახდება, როცა დემოკრატები კონგრესში უმრავლესობით შევლენ.
თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლების გადასაწყვეტია, თუ "რამდენად მნიშვნელოვანია" ტრამპის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები. ნადლერის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურულ განხილვას სვლა მიეცემა მხოლოდ "სერიოზული ბრალდებების შემთხვევაში".
კონგრესმენის კომენტარებს ორი დღით ადრე წინ უძღოდა ფედერალური პროკურორების ბრალდება ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის წინააღმდეგ. ბრალდების მიხედვით კოენი, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან "კოორდინირებით და მისი მითითებებით" კანონს არღვევდა.
თუ ყოფილი ადვოკატის ბრალდებები დამტკიცდა, ეს "ნამდვილად საიმპიჩმენტო დანაშაული" იქნება - აცხადებს ჯერლად ნადლერი. მისი თქმით, "კონსტიტუციაში არაფერია ისეთი, რაც პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას კრძალავს. კანონზე მაღლა არავინ დგას" - ამბობს დემოკრატი კონგრესმენი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო მოვლენებს ტრადიციულად, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" შეეხმიანა. დღეს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებზე შეთქმულებას მის საპრეზიდენტო კამპანიას და რუსეთს შორის ადგილი არ ჰქონია და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ე.წ. მალერის გამოძიების დასრულებისკენ.
კოენის ბრალდება კი პრეზიდენტის თქმით, სხვა არაფერია, თუ არა "მარტივი კერძო საბანკო ოპერაცია". იგულისხმება საპრეზიდენტო კამპანიის დროს კოენის მიერ ორგანიზებული 280 000 დოლარის გადარიცხვა ორი ქალის გასაჩუმებლად, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრამპთან სასიყვარულო რომანი ჰქონდათ.
თუმცა, კოენის გარდა, მალერის გამოძიებას კიდევ აქვს სხვადასხვა ტიპის დანაშაულის აღიარება ტრამპის ადმინისტრაციაში მომუშავე სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან. მათ შორის არიან: ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი, მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ასევე სხვა შედარებით დაბალი თანამდებობის ადამიანები.