ადმირალი მალენი გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას ეხმაურება

პენტაგონი იხილავს შეუქმნის თუ არა საფრთხეს ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ძალებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნება

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ პენტაგონის ოფიციალური პირები ამჟამად იხილავენ შეუქმნის თუ არა საფრთხეს ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ძალებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნება. დღეს ავღანეთიდან ერაყში მიმავალამა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა.

ადმირალმა მალენმა ჟურნალისტებს მოახსენა, რომ იგი ძალიან „შეშფოთებულია“ გასაიდუმლოებული სადაზვერვო ანგარიშების გამოქვეყნებით. მას ძალიან ადარდებს ის, რომ შედეგად ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ძალებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

„მე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ხალხს უბრალოდ არ ესმის ის, რომ არსებობს ინფორმაციის გარკვეული კატეგორია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნება არა მხოლოდ გაართულებს საქმიანობას არამედ საფრთხეში ჩააგდებს გარკვეულ პირებს,“ აღნიშნა ადმირალმა მალენმა.

მან დადო დაპირება, რომ სამხედროები ყველა ღონეს იხმარენ რათა გასაიდუმლოებული ინფორმაციის ამგვარი გაჟონვა არ მოხდეს მომავალში.

გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებამდე მალენმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებულ მასალებში ნახსენებია, მაგალითად, ის, რომ თითქოს პაკისტანის სადაზვერვო სამსახური დახმარებას უწევს ჯალალუდინ ჰაქანის მეამბოხეთა ქსელს ავღანეთში. ამასთან დაკავშირებით მალენმა განაცხადა:

„ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მეამბოხეთა ამ დაჯგუფებას რადგან ისინი ჩვენ საქმიანობას ავღანეთში ძირს უთხრიან. ამდენად თუ ვინმე პაკისტანში, სამხედრო იქნება ის თუ სადაზვერვო სამსახური, ამ დაჯგუფებას დახმარებას უწევს, ეს რასაკვირველია ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის.“

ავღანეთის მიმართ შეერთებული შტატების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პაკისტანთან თანამშრომლობა, რაშიც უწინარეს ყოვლისა იგულისხმება ის, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მოქმედი ალ-ყაიდას და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებების ლიკვიდაციის მიზნით. პაკისტანთან ამ სფეროში თანამშრომლობას რაც შეეხება, ადმირალი მალენი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გასულ შაბათ-კვირას მალენი პაკისტანში იმყოფებოდა, რაც ორ ნახევარი წლის განმავლობაში მისი მე-19 ვიზიტი იყო.

პაკისტანში ყოფნისას შაბათს მას სადილი ჰქონდა პაკისტანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან გენერალ აშფაქ კიანისთან, რომელიც პაკისტანის სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აღწერილია გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში.

ადმირალმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაკისტანის სადაზვერვო სამსახურმა „სტრატეგიული თვალსაზრისით უნდა შეცვალოს საქმიანობის მიმართულება.“ მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რამდენად შეიცვალა პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის გამო.

„გამოქვეყნებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია გითხრათ ის, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ჩვენ. მე ვიცი ის, რომ რაც შეეხება ჩვენ ურთიერთობას პაკისტანთან ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ,“ განაცხადა მალენმა.

მეამბოხეებისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად, ადმირალმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ პაკისტანის ხელმძღვანელობამ შეერთებული შტატები შეცდომაში შეიყვანა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების გარეშე, რაც შეიარაღების მიწოდებასა და მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 12 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, პაკისტანი ვერ გააფართოებს სამხედრო კამპანიას მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებზე თავდასხმებს აწყობენ.