ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალ მალენის მისია


აშშ-ინდოეთის ურთიერთობის პერსპექტივა

შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის გაფორმებული მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც გაისმა, ინდოეთის როლს უკავშირდება. კერძოდ, ხომ არ მოხდა ეს ინდოეთთან თანამშრომლობის ხარჯზე და ხომ არ შემცირდება ვაშინგტონის და დელის ურთიერთობა. შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი ადმირალი მაიკ მალენი ინდოეთში გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, ამ ვიზიტის მიზანი მის ახლადდანიშნულ ინდოელ კოლეგასთან შეხვედრაა. მალენის განცხადებით, რაიმე დოკუმენტზე ან შეთანხმებაზე ხელმოწერა არ იგეგმება. მისი ახალი კოლეგა კი ინდოეთის საჰაერო ძალების მარშალი პრადიპ ვასანტ ნაიკია. ამ შეხვედრის მიზანი ინდოეთ-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე საუბარია.

„ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური თვალსაზრისით და ჩვენი ურთიერთობა - სამხედრო ურთიერთობა ინდოეთთან, ბოლო ორი ათწლეულია ძალიან საგრძნობად ვითარდება, რაც ვფიქრობ ძალიან დადებითი მოვლენაა და ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავამყაროთ ეს ურთიერთობა,“ - განაცხადა მალენმა.

ამერიკელი ადმირალის თქმით, ის მიესალმება ინდოეთის სურვილს, მონაწილეობა მიიღოს ამერიკასთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აფართოვებს თავის კავშირებს ორ ერთმანეთის მეტოქე ქვეყანასთან- პაკისტანთან და ინდოეთთან.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მუმბაიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, როდესაც ინდოეთმა პაკისტანში ბაზირებულ მებრძოლებს დააბრალა ამის ჩადენა, ადმირალი მალენი ორივე ქვეყანაში ჩავიდა და დაძაბულობის განმუხტვაში საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულა.

ინდიანას უნივერსიტეტში ინდოეთის კვლევების პროგრამების პროფესორი სამიტ განგული ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი მიზეზი აქვს საიმისოდ, რათა ინდოეთთან ურთიერთობა გააძლიეროს და არ არის აუცილებელი ეს ურთიერთობა ვაშინგტონ-ისლამაბადის ურთიერთობასთან იყოს კავშირში.

„ამ ორი ქვეყნის ტრაექტორიები ერთმანეთისგან მნიშვნელოვანდ განსხვავებულია. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ინდოეთის და პაკისტანის შესახებ მუდმივად ვისაუბროთ. ამერიკული პოლიტიკის გადასახედიდან აზრი ეძლევა ქვეყანასთან ურთიერთობის დაწყებას, რომელსაც უკვე გააჩნია გარკვეული გავლენა გლობალურ ფორუმებში,“ - მიიჩნევს პროფესორი განგული.

სახელმწიფო დეპარტამენტის სამხრეთ აზიის სამმართველოს ყოფილი უფროსი და ამჟამად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ვოლტერ ანდერსონი მიიჩნევს, რომ ინდოელები ცოტა არ იყოს შეშფოთებულები არიან პაკისტანისა და ამერიკის ურთიერთოებების გაძლიერებით. მათ ასევე აშფოთებთ ის ამბავიც, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში ამერიკული ჯარების შემცირებას გეგმავს.

როგორც ჩანს, ადმირალი მალენი შეეცდება ინდოელების დარწმუნებას, რომ ავღანეთში ჯარების შემცირება თანდათანობითი პროცესი იქნება და ამერიკელები გააგრძელებენ ავღანეთში სტაბილურობისთვის ბრძოლას. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მაიკ მალენი თავისი მისიის შესრულებას წარმატებით მოახერხებს.

XS
SM
MD
LG