ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ოფიციალურად დადასტურებულ, გამოვლენილ შემთხვევებზე ბევრად მეტია: თუკი ამერიკის ზოგიერთ ნაწილში დაავადებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებზე 2-ჯერ მეტია, სხვა ნაწილებში შესაძლოა 13-ჯერ მეტიც კი იყოს.
ასევე ნახეთ: "პირბადე აუცილებელია" - ინფიცირებულთა რაოდენობა ამერიკაში მკვეთრად იზრდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ განცხადებას იმ ანალიზებზე დაყრდნობით აკეთებს, რომლებიც მოქალაქეებმა 10 გეოგრაფიულ რეგიონში, გეგმიური კლინკური გამოკვლევებისთვის ჩააბარეს. მათ შორისაა ნიუ-იორკი, სამხრეთ ფლორიდა, მისური, იუტა და ვაშინგტონი. მაგალითად, მისურიში რეალური ინფიცირების მაჩვენებელი 13-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები, იუტაში კი - 2-ჯერ მეტი.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ინფიცირებულთაგან ბევრი არ აკითხავს კლინიკებს და არც ტესტს აბარებს, რადგან მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ან დაავადება სავსებით უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მათ კორონავირუსის საკუთარ გარემოში გავრცელება მაინც შეუძლიათ. დაავადებულთა თითქმის 40 %-ს სიმპტომები არ გამოვლენია.
დაავადებათა კონტროლის მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ მაისის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, ამერიკის დიდ ნაწილში მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს დაავდების ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ მაღალი რისკის ქვეშაა.
ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც ამერიკაში ვირუსული პანდემიის თავდაპირველი ეპიცენტრი იყო, მოსახლეობის დაახლოებით 24 %-ს ანტისხეულები აქვს. თუმცა მეცნიერების განმარტებით ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს ეს ვერ განაპირობებს, რადგან ამისთვის ანტისხეულები მოსახლეობის 60 %-ს მაინც უნდა ჰქონდეს.
ქვეყნის ბევრ სხვა ნაწილში კი ანტისხეულების მქონე მოსახლეობის რაოდენობა ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. მაგალითად, ფილადელფიაში - 3.6%, მისურიში 2.8%, იუტაში კი მხოლოდ 1.1%.
ამ მონაცემების გამოქვეყნების დღეს ამერიკაში ივნისის პირველი რიცხვების შემდეგ პირველად, ვირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თეთრმა სახლმა კი აპრილის ბოლოს შეწყვეტილი სისტემატური ბრიფინგები განაახლა. დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები იმატებს და თქვა, რომ "გამოსწორებამდე სიტუაცია ჯერ გაუარესდება."
მსოფლიოში კოვიდ-19-ით თითქმის 15 მილიონი ადამიანი დაავადდა, 613 ათასზე მეტი კი - გარდაიცვალა. ბრაზილიაში კი, რომელიც შეერთებული შტატების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებლით პირველია მსოფლიოში, ვირუსით 2.1 მილიონი ადამიანის დაავადება და 81 487 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.
უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავების პროცესში პროგრესია, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღები არ არის ცნობილი. "ასოშეითედ პრესის" თანახმად, მომავალ კვირას ტესტირების ბოლო ეტაპზე გადავა ამერიკაში შემუშავებული ერთ-ერთი შესაძლო ვაქცინა. ექსპერიმენტში 30 000-მდე ადამიანი მიანწილეობს იმის დასადგენად, არის თუ არა კანდიდატი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური.