უფლებადამცველი ორგანიზაცია - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - გმობს ირანში ჟურნალისტების თვითნებურ დაკავებას და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ნოემბერში დაწყებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც საწვავზე ფასების გაზრდას მოჰყვა, გახშირდა ჟურნალისტთა დაკავების შემთხვევები, მათთვის ბრალეულობის წარდგენის გარეშე, ან უსაფუძვლო ბრალდებებით.
გასულ თვეში ირანელმა სამართალდამცავებმა ოთხი ჟურნალისტი დააკავეს. მათი საერთო რაოდენობა ბოლო სამ თვეში 12-ს აღწევს.
სამშაბათს, პარიზში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ თეირანის ევინის ციხეში დაკავებულ ორ ცნობილ ჟურნალისტ ქალს ბოლო ორი კვირის მანძილზე "არაჰუმანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ".
ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი რამ ერთეული შემთხვევა არ არის. უფლებადამცველების მტკიცებით, ირანელი სამართალდამცავები ჟურნალისტებზე ხშირად ძალადობენ.
ოთხეული: ჯავეჰ ჯავაჰირი, ქავეჰ მზადარი, ფორუნა სამენია და აჰმად ზაჰედი 26 დეკემბერს აიყვანეს. პირველი სამი ონლაინ გამოცემაში მუშაობდა, ბოლო კი ერთ-ერთი პროვინციული ჟურნალის რედაქტორია.
ჟურნალისტები აქციას ესწრებოდნენ, რომელზეც პატივს მიაგებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილის ხსოვნას. ის ნოემბერში გამართულ ერთ-ერთ დემონსტრაციაზე მოკლეს.
აღნიშნულ აქციაზე ჟურნალისტებთან ერთად, ბევრი ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა სხვები მალე გაათავისუფლეს და ციხეში მარტო ოთხი ჟურნალისტი დატოვეს. ისინი ლაკანის ციხეში იმყოფებიან და მათი დაკავების მიზეზი არც ადვოკატებმა იციან, არც ოჯახის წევრებმა.
უფლებადამცველებმა შეიტყვეს, რომ 25 დეკემბერს ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ქალი ნარგეს მოჰამადი ციხეში სამართალდამცველება სცემეს. ის დაჟინებით ითხოვდა ადვოკატთან შეხვედრას. როცა ნარგესი ადვოკატთან აუდიენციაზე გაიყვანეს, მას ოთახში იურისტის ნაცვლად, დახვდა ციხის დირექტორი და დაზვერვის მინისტრის წარმომადგენელი.
ამ ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ მალე გადაიყვანდნენ ზანჯანის ციხეში, რომელიც დედაქალაქიდან 300 კილომეტრითაა დაცილებული - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია. როცა ნარგესმა გადაყვანა სიტყვიერად გააპროტესტა, ის ისე ძლიერ სცემეს, რომ პატიმრის გადაყვანა ზანჯანში სასწრაფო დახმარების მანქანით გახდა საჭირო.
მომხდარს უარყოფენ როგორც ევინის ციხის ადმინისტრაციის, ისევე ირანის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ პატიმარ ქალს სხეულზე "სილურჯეები და ფიზიკური ტრავმების სხვა ნიშნებიც" აქვს.
47 წლის ნარგეს მოჰამადს 10 წელი მიუსაჯეს. მას დანაშაულად ანტისამთავრობო პროპაგანდის გავრცელება და აკრძალულ ოპოზიციურ ჯგუფში გაწევრიანების ფაქტები დაუმტკიცეს.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ ირანში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა "გრძელ სიაშია" ჰენგამე შაჰიდიც, რომელსაც 12 წელი და 9 თვე მიუსაჯეს "სასამართლო სისტემის და მისი წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის". ისიც ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველია.
ჰენგამეს გულის დაავადება აქვს, რომლის მკურნალობაზეც ციხეში უარი უთხრეს. ოჯახის ადვოკატის თქმით, ჰენგამეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია.
ირანი პრესის თავისუფლების რეიტინგში, 180 ქვეყანას შორის, ბოლოდან მეორე ადგილზეა. ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს უფლებადამცველი ორგანიზაცია - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.