ირანში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევები და გარდაცვალებები თებერვალში აღირიცხა და ის ახლო აღმოსავლეთში ვირუსის პირველი და უდიდესი აფეთქება იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ერთ დღეში აღრიცხული შემთხვევების ყველაზე დიდი რიცხვი განიცადა, რასაც მალევე, ბოლო თვეების განმავლობაში, ერთ დღეში გარდაცვალებების ყველაზე დიდი რიცხვიც მოჰყვა.
შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ, რომელიც წინა თვეში დიდ ისლამურ დღესასწაულს მოჰყვა, განაახლა შიში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ირანს ინფექციის პოტენციურმა მეორე ტალღამ გადაუაროს.
კვირების განმავლობაში დაკეტილი ბიზნესების გახსნასთან ერთად, მეტი ადამიანი იწყებს მოძრაობას და ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყნის 80 მილიონიან მოსახლეობაში მზარდმა თვითდამშვიდებამ, შესაძლოა ვირუსის მეტად გავრცელებას შეუწყოს ხელი.
შემთხვევების მკვეთრი ზრდა მეტწილად ირანის სამხრეთ-დასავლეთ, ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში, ასევე დასავლეთ პროვინციებში - ქერმანშაჰში და ქურთისტანში აღინიშნა. ირანის ოფიციალური პირები ამას ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულთან აკავშირებენ, რომელიც მაისის ბოლოს, ისლამური წმინდა რამადანის თვის დასრულების აღსანიშნავად იზეიმეს და ამ დროს, ოჯახები ხშირად მეგობრებს და ნათესავებს სტუმრობენ.
ალი რეზა ზალიმ, რომელიც თეირანში ვირუსის აფეთქების საწინააღმდეგო კამპანიას ხელმძღვანელობს, გასულ კვირაში თქვა, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით 60 პროცენტმა, დაავადებამდე სხვა პროვინციებში იმოგზაურა.