ჯიმი კარტერი 99 წლის იუბილეს ზეიმობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი და მისი მეუღლე როზალინი, მოულოდნელად გამოჩნდნენ მიწის თხლის ფესტივალზე, მშობლიურ ქალაქ პლეინსში, ჯორჯიას შტატში.

კარტერი, რომელიც თავის 99-ე იუბილეს ზეიმობს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტია.

ჯიმი კარტერი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ხვდებოდა საავადმყოფოში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის გამო. ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ჰოსპისში იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული.

„ვფიქრობ, ჰოსპისის შესახებ გაუგებრობაა, რომ თითქოს, ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სიკვდილამდე რამდენიმე დღე დარჩა“, განმარტავს კარტერის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი, ჯონათან ალტერი.

ალტერი ამბობს, რომ კარტერები ირჩევენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლები ისევე გაატარონ, როგორც აქამდე, - გააკეთონ "რაც შეუძლიათ და ეს აკეთონ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებენ".

ალტერი ამბობს, რომ კარტერის ჰოსპისში გადასვლის შესახებ განცხადება და იმის თქმა, რომ როზალინ კარტერს დემენცია აქვს, ყოფილ პრეზიდენტსა და პირველ ლედის შესაძლებლობას აძლევს ეს სხვებისთვის სასწავლო მომენტად გამოიყენონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია კარტერის ცენტრი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა დაარსა, 80-ზე მეტ ქვეყანას დაეხმარა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში კონფლიქტების მოგვარებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებით, დაავადებების პრევენციითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებით.