კომპანია "მერკის" აბმა ამერიკაში გამოყენების ნებართვა მიიღო

ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა გამოყენების ნებართვა დართო კომპანია „მერკის“ აბს, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებული, მაღალი რისკის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვისაა გამიზნული. ნებართვა იმის მეორე დღეს გაიცა, რაც კომპანია „ფაიზერის“ მსგავსმა, მაგრამ უფრო ეფექტურმა სამკურნალო საშუალებამ უფრო ფართო გამოყენების ნებართვა მიიღო.

შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „მერკის“ წამალი, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომები შეაქვს, შესაძლოა გამოიყენონ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა ნებადართული სამკურნალო საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის, ან კლინიკურედ შეუსაბამოა.

ასევე ნახეთ: "ფაიზერი": კოვიდ 19-ის აბების ეფექტურობა 90%-ამდეა

წამალი „მოლნუპირავირი“ (Molnupiravir) „რიჯბექ ბაიოთერაპევტიქსთან“ (Ridgeback Biotherapeutics) ერთად შეიქმნა და კლინიკურ გამოცდებში აჩვენა, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის დაახლოებით 30 პროცენტით შემცირება შეუძლია.

გაცემული ნებართვა, კოვიდ-19-ის მსუბუქიდან ზომიერ ფორმამდე არსებობის შემთხვევაში გამოყენების უფლებას იძლევა და „ფაიზერის“ აბთან ერთად, შესაძლოა მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს სწრაფად გავრცელებადი ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ახლა შეერთებულ შტატებში დომინანტურ ადგილზეა.

ასევე ნახეთ: ამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა