თბილისის მერი მილიონ ლარს არ გადაიხდის

პრეზიდენტი სააკაშვილი და თბილისის მერი უგულავა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეეფარდა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


მძიმე დანაშაულში ბრალდებული თბილისის მერის სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოს სავსე, 150 კაციანი, დარბაზის ფონზე წარიმართა, 32 წლის მოსამართლე გიორგი არევაძემ, პროკურატურის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - გიგი უგულავას ნაწილში.

პარალელურად კი დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა - თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

საქართველოს და ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილი ამჟამად ისრაელშია. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. დღესვე სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე და ბრალდების მხარეს ამ შუამდგომლობაზეც უარი უთხრა.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 10 აპრილს გაიმართება. მანამდე, პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის მერმა პროცესზე აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. თითქმის ექვს საათიანი სასამართლო სხდომიდან გამოსულმა გიგი უგულავამ კი განაცხადა:

„სასამართლო სდომაზე გამოჩნდა რომ ბრალდების მხარეს, არანაირი ლეგალური საფუძველი არ ჰქონდა, აღმკვეთი ღონისძიების იმ ფორმების მოთხოვნის, რაც მოითხოვეს.

მე და ჩემი ყველა მეგობარი მზად ვართ, ღია, თავისუფალ სასამართლოზე, ყველა მოწმის დაკითხვის საფუძველზე დავადასტუროთ ჩვენი უდანაშაულობა და ბრალდების წმინდა პოლიტიკური მოტივები.

ამ სხდომის შემდეგ, მაქვს განცდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ თავზე ღრუბლები გროვდება, იმიტომ რომ გამოძიების ვერსიით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჯოზეფ კეი გამოდის „იმედის“ კანონიერი მესაკუთრე. დანარჩენი დასკვნა?! აღდგომა და ხვალეო. გამოჩნდება ბევრი ინფორმაცია.“


პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მიმართა და ბრალდებული თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება, გადაადგილების შეზღუდვა, აღმკვეთი ღონისძიების სახით კი გირაო - 1 მილიონი ლარი მოითხოვა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის დავით კეზერაშვილისთვის კი პატიმრობა მოითხოვა. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კერძოდ აღნიშნა:

„პირველ ეპიზოდში, გაფლანგვის ნაწილში, უგულავას ბრალი ედება, 5 მილიონ 245 ათასი ლარის გაფლანგვაში; მეორე ეპიზოდში, 10 მილიონი დოლარის მითვისებაში; მთლიანობაში ეს 20 მილიონ ლარზე მეტია. აქედან გამომდინარე გირაოს თანხა გარკვეულ უნისონში არის გაცხადებულ ბრალდებასთან.“

მთავარი პროკურატურა თბილისის მერს ჯერჯერობით სამ ეპიზოდში სდებს ბრალს. პირველი ეპიზოდი ეხება თბილისის დასუფთავების სამსახურში, იგივე „თბილსერვის ჯგუფში“ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების ფიქტიურ დასაქმებას, რითაც ბიუჯეტმა 5 მილიონ ლარზე მეტით იზარალა.

მეორე ეპიზოდი - რიყის ტერიტორიის კორუფციული გზით გასხვისებას ეხება. 2006 წელს თბილისის მერიამ დედაქალაქის გულში 4 ჰექტარზე მეტი ფართობი 7 მილიონ დოლარად შპს „ახალ რიყეზე“ გაასხვისა, რომელსაც პრეზიდენ სააკაშვილის ახლო მეგობარი, დღეს კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანიშვილი წარმოადგენდა.

2008 წლის ბოლოს კი, ისე რომ „ახალ რიყეს“ არავითარი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა, მერიამ ეს ფართობი უკან უკვე 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა;

ბრალდების მესამე ეპიზოდი ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებას ეხება. გამოძიება ამტკიცებს, რომ რიყის გასხვისების დროს გათეთრებული 10 მილიონი დოლარი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კეზერაშვილმა და თბილისის მერმა უგულავამ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავს ჯოზეფ კეის იგივე იოსებ კაკიაშვილს გადაურიცხეს, რომ ამ უკანასკნელს ტელეკომპანია „იმედი“ მათთვის დაეთმო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ჯოზეფ კეიმ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა:

„კეზერაშვილი მაწოდებს ტელეფონს, სადაც უკვე მიხეილ სააკაშვილი მელაპარაკება. მეუბნება, რომ რასაც ამბობს კეზერაშვილი ჩათვალე რომ მე გეუბნები ჯოზეფ! შენ ჭკვიანი კაცი ხარ! იცი ყველაფრის ფასი, თავისუფლების ფასიც!

აქედან გამომდინარე შენ ამ ტელევიზიას მაძლევ მე და ჩვენი მეგობრობა გრძელდება. მეორე დღეს უკვე მიკავშირდება გიგი უგულავა, მივდივარ მასთან და გიგისთან ერთად მოვილაპარაკეთ იმ ფულის გადახდის მექანიზმი რაც მე ტელეიმედში ჩავდე.“

თბილისის მერისთვის წაყენებულ ბრალდებებს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა:

„ჩემს მთავრობაში მილიონებს არავინ არ აკეთებდა; ვერ გააკეთებდა! არ გააკეთებდა და არ გავაკეთებინებდით! ეს არ იყო ჩვენი მოწოდება! ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რა მილიონებზე და მილიარდებზე გველაპარაკებიან ?! გველაპარაკება ის ხალხი ვინც მართლა აკეთებდა ამას 90-იან წლებში და ეხლა თანამდებობებზე დაბრუნდა.

გავიგე, რომ იქ ჩემი სახელიც იქნა ნახსენები ამ უცნაური საქმეში. ალბათ, ერთი გასროლით ორი კუდღლის, ჩიტის თუ რაღაც უცნაური ცხოველის მოკვლა უნდათ. სადაც ეს ამბავი მოიგონეს ჩემი ნდობა ყველაფერ დანარჩენისადმი არის უკვე ძალიან დაბალი.“


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი 37 წლის გიგი უგულავა საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც დედაქალაქის პირველ პირად 2010 წელს პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს.

მანამდე, 2005 წლის ივლისში, უგულავა თბილისის მერად პრეზიდენ სააკაშვილის ბრძანებით, ხოლო 2006 წელს უკვე თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ბოლო წლებში, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრედ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველაზე ხშირად სწორედ გიგი უგულავას კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ამ გეგმებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილმა კატასტროფულმა მარცხმა ხაზი გადაუსვა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი წინასწარ დაიზღვია. შაბათს, თბილისის მერის გიგი უგულავას მოადგილედ, პარტიის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაინიშნა.