მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად

უფლებადამცველებმა საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან 21 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს. ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემას დღეს დიდი პრობლემა აქვს.

მართლმსაჯულებას რომ გადარჩენა სჭირდება, ამისთვის დღეს ხმაურიანი აქცია გაიმართა. „თუ თქვენთვის სულერთი არ არის, როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები, შემოგვიერთდით. ვითხოვთ, რომ ჩინჩალაძე-მურუსიაძის კლანმა დატოვოს სასამართლო სიატემა, მოსამართლეებად კი დაინიშნონ/აირჩნენ მხოლოდ პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანები. ნუ დაგეზარებათ, ნუ იფიქრებთ, რომ სხვები გააკეთებენ თქვენს გასაკეთებელს. როგორც ქვიშაზე ვერ აშენდება სახლი, ისე ვერ იქნება დაცული თქვენი, ჩვენი მომავალი, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ყველას საქმეა, იმიტომ რომ სამართალი ყველას სჭირდება, მოდით!“ - ასეთი გახლდათ მოწოდება, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.

დემონსტრაცია მართლმსაჯულების გადასარჩენად, 21 იანვარი, 2019

სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება იმდენად საგანგაშო აღმოჩნდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ერთ მუშტად შეკრული მმართველი გუნდიც კი შუაზე გახლიჩა. იუსტიციის საბჭო, რომელიც უფლებამოსილია მოსამართლეთა დანიშვნა-განთავისუფლებაზე, დამოუკიდებელი ორგანოა და ამავდროულად, ერთგვარი ზედა რგოლი, რომელიც სასამართლოს შიდა პროცესებს არეგულირებს, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიზირებასა და არაკეთილსინდისიერებაში ამხილეს.

მოსამართლეთა სიას პარლამენტს სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათ კაციან სიას, რომელიც საბჭომ პარლამენტს გასული წლის 24 დეკემბერს წარუდგინა აღშფოთება მოჰყვა უმრავლესობაშიც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ, ვინც სიის შემადგენლობა პირად შეურაცხყოფად მიიღეს, თანამდებობა დატოვეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კი განაცხადა, რომ ვერ ხსნის, რატომ აზიანებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ თავს იმ ქმედებებით, რასაც ის მიმართავს. ის ასევე მიიჩნევდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა სია უკან უნდა გაეწვია, რადგან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა იმ შემადგენლობის ირგვლივ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

დემონსტრაცია მართლმსაჯულების გადასარჩენად, 21 იანვარი, 2019

სიის თაობაზე უფრო დეტალურად და დასაბუთებულად უფლებადამცველები საუბრობდნენ.

„სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა - „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. 2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში... ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს. შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება. 2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე - სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო,“- ნათქვამია მანიფესტში მართლმსაჯულების გადასარჩენად.

საპროტესტო აქციის შემდგომ იმ მოსამართლეებმა, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიაში გახლდათ წარდგენილი (მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე), პარლამენტს მიმართეს და მოითხოვეს: „არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“.

მოვლენათა ამგვარი განვითარებით მმართველ გუნდში ყველა კმაყოფილი არ დარჩა. მაგალითად, სოფო კილაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებაბის დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებმა ეს პროცესი პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.

თუმცა ამასობაში უვადო მოსამართლედ უკვე გამწესებული აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური კანდიდატი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე.

არასამთავრობო სექტორი, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, ვინც დიდი სიფრთხილითა და სკურპულოზულობით ადევნებს თვალს და რეაგირებს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მოსამართლეთა მიერ სიის გაწვევას ტაქტიკურ უკანდახევად უფრო აფასებს, ვიდრე პრობლემების გაცნობიერებადა და მათზე რეაგირებად. ამერიკის ხმასთან საუბრისას უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა პარლამენტისთვის მიმართვა განაპირობა არა მხოლოდ დღევანდელმა აქციამ, არამედ კომპლექსურმა მცდელობებმა, რომელიც იუსტიციის საბჭოს ქმედებებსა და შემაშფოთებელ განზრახვებს ამხელდა.

„2015 წლიდან მოყოლებული ჩვენ მოვახერხეთ, რომ უწყება რომლის არსებობის შესახებ ლამის მხოლოდ წევრებმა და 10 კაცმა იცოდა, გახდა საზოგადოებრივი მონიტორინგის საგანი. ამ მუდმივმა წნეხმა საბჭოს და პოლიტიკურ ხელისუფლებასაც შეუქმნა სერიოზული დისკომფორტი. უკვე ამ შემადგენლობაში საბჭოს 2 წევრიც არსებობს, რომელიც შიგნიდან იბრძვის. ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლაში წარმატებით ჩავრთეთ მედიაც... ამ ერთიანი დიდი ბრძოლის შედეგია ეს ყველაფერი და ბოლო ტალღა რაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს მოჰყვა, ამ დიდი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ასევე ძალიან საგულისხმოა ისიც, რომ თვითონ უმრავლესობაშიც, ასეთი მკვეთრი საზოგადოებრივი კრიტიკის პირობებში, გაჩნდა განსხვავებული აზრები ამ თემაზე და მათ არ ჩათვალეს, რომ ეს ღიად არ უნდა გაეჟღერებინათ“, გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

მოსამართლეთა წარდგენილი სია პრობლემებს იმის გამო ქმნიდა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს მასში შემავალი კონკრეტული კანდიდატების პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან და პოლიტიზირებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ერთ-ერთ ანგარიშში წერდა, რომ ის სასამართლოში კლანს ხელმძღვანელობს.