რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ ქმედებას თანდათან აღრმავებს. ამ მოვლენამ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისგან უპრეცედენტოდ კოორდინირებული საპასუხო რეაქცია გამოიწვია.
კრემლს ბრალს სდებენ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში, კიბერთავდასხმებში და ბევრ სხვა “უპასუხისმგებლო” ქმედებაში, მათ შორის, უცხო ქვეყნებში განხორციელებულ მკვლელობებშიც. ეს ყოველივე განსაკუთრებით გამოიკვეთა ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრაზე, რომელსაც ხუთშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისიც დაესწრო.
ამერიკა აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, რითაც ცივი ომის დროს დადებულ ხელშეკრულებას არღვევს და დასავლეთის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ნატოს მინისტერიალზე თქვა, რომ თუ მოსკოვი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს არ დაიცავს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.
“შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, მოკავშირეებთან კოორდინირებით, დიპლომატიურ და თავდაცვის პოზიციებს გადახედავს. არაფერი შეგეშალოთ: ამჟამინდელი ვითარება, როცა რუსეთი ხელშეკრულებას ღიად არღვევს, მიუღებელია” - განაცხადა ჯეიმს მატისმა.
რუსეთი ბრალდებას უარყოფს და ხელშეკრულების არანაირ დარღვევას არ აღიარებს. ამასთან, მოსკოვი კონტრბრალდებით გამოდის და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარღვია ხელშეკრულება ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებით.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა მხოლოდ ახლახან აღიარა ახალი სარაკეტო სისტემების განთავსების ფაქტი, რომელიც ალიანსისთვის საფრთხის შემცველია. მან კრემლის მიერ განხორციელებულ, საერთაშორისო ნორმების სხვა დარღვევებზეც ისაუბრა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ უხეშ ძალას იყენებს და საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით, დეზინფორმაციას ავრცელებს. სხვა მაგალითებს შორის, ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაასახელა “ჰოლანდიის და ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსეთის მხილება მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ კიბერთავდახმების კამპანიის თაობაზე”.
ხუთშაბათს, ჰოლანდიის მთავრობამ გაახმაურა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა მცდელობა ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა განეხორციელებინა. რამდენიმე საათით ადრე, ბრიტანეთმა, რომელიც ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, რუსეთის სამხედრო დაზვერვას ბრალი დასდო მსოფლიოს მასშტაბით წარმოებულ კიბერთავდასხმების მთელ კამპანიაზე.
მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ამგვარი უპასუხისმგებლო ქმედება, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის. კერძოდ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა: “ეს ყოველივე, როგორც იცით, შემთხვევითი, განყენებული მოვლენები არ არის, როგორიცაა დოპინგის გამოყენება სპორტში, ან ეკონომიკური ინტერესების მიმართულებით მუშაობა. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ქმედებებზე პასუხი ძალიან გარკვევით უნდა გასცეს. და როგორც მთავრობა, ჩვენ სწორედ ასე მოვიქცევით”.
ხუთშაბათს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი რუსეთის დაზვერვის 7 ოფიცერს წაუყენა. მათ კიბერთავდასხმებში, პირადი ინფორმაციის მოპარვაში, ფულის გათეთრებაში და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დამნაშავეთა მიზანი რუსეთის სახელმწიფოს სპონსორობით განხორციელებული დოპინგის კამპანიიდან ყურადღების გადატანა იყო. აქედან სამ ბრალდებულს, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დემოკრატიული პარტიის ელექტრონული მიმოწერის სისტემის გატეხვაც ედება ბრალად.
Facebook Forum