მანაფორტის განაჩენი დღეს აღარ იქნება

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სასამართლო გრძელდება. მოლოდინის მიუხედავად, დღეს სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია. მას ბრალი გადასახადების აცილებასა და საბანკო თაღლითობის რამდენიმე საქმეში ედება. მანაფორტის საქმეზე საბოლოო მსჯელობა მსაჯულებმა გუშინ დაიწყეს.

6-6 ქალისა და მამაკაცისგან დაკომპლექტებული ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი საქმეს დღეს და გუშინ საათობით განიხილავდა. ორი დღის წინ, მანაფორტის სასამართლო პროცესზე პროკურატურის და დაცვის მხარის იურისტები შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ. გუშინ, დილით ადრე მოსამართლემ საბოლოო დასკვნა გადასცა მსაჯულებს. ამის შემდეგ მათ საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს.

მანაფორტისთვის წაყენებულ ბრალეულობებს შორისაა გადასახადებზე თავის არიდება, მილიონობით დოლარის შემოსავლის და უცხოეთში გახსნილი საბანკო ანგარიშების დამალვა, საბანკო კრედიტების უკანონო გზით მოპოვება და სხვა. მას ბრალი ვაშინგტონში დანიშნულმა სპეციალურმა გამომძიებელმა - რობერტ მალერმა წაუყენა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო თანამშრომლობას იძიებს.