"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია" მიესალმა მალტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ 141 მიგრანტი მიიღო. გემი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ 4 დღე ევროპული ქვეყნების საზღვრებთან იდგა. ქვეყნები ვერ წყვეტდნენ, რომელი მათგანი მისცემდა მიგრანტებს ხმელეთზე გადასვლის უფლებას.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ საფრანგეთს, გერმანიას, ლუქსემბურგს, პორტუგალიასა და ესპანეთს დაავალა, რომ მალტას მიბაძონ და ეს მიგრანტები მიიღონ.
თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელმა ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული ეს მდგომარეობა "საშიში და ამორალურია". მისი თქმით, მიუღებელია ის, რომ მიგრანტებით სავსე გემები ზღვაში რჩებიან მანამ, სანამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ რაც შეიძლება, ნაკლები პასუხისმგებლობა იტვირთონ,
მალტა თავდაპირველად უარს ამბობდა ზღვაში გადარჩენილი ლტოლვილების მიღებაზე, თუმცა მოგვიანებით, ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ეს მიგრანტები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში მიიღებენ თავშესაფარს. მალტამ ამ შეთანხმებას "ევროპული ლიდერობისა და სოლიდარობის მტკიცე მაგალითი" უწოდა. გემ "აკვარიუსზე" მყოფი 141 მიგრანტი და კიდევ ორშაბათს ხმელთაშუა ზღვაში მალტის მიერ გადარჩენილი 114 მიგრანტი სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდება.
მაგალითად საფრანგეთი 60 მიგრანტის მიღებას დათანხმდა.
გემ "აკვარიუსის ეკიპაჟის წევრებმა ლიბიის სანაპიროდან წამოსული და არამყარ ხის ნავებში მყოფი 141 მიგრანტი ორშაბათს გადაარჩინეს და გემის ბორტზე აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა სომალიდან და ერითრეიდანაა, და ზღვაში გაქცევამდე ისინი ლიბიაში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. პირველადი დახმარების ჯგუფების ინფორმაციით, ბევრ მათგანს კვების დეფიციტის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.