მაკრონი ამბობს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ანტი-ისლამურმა კოალიციამ უნდა იბრძოლოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ საერთაშორისო კოალიაცია, რომელიც ერაყსა და სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის, უნდა გაფართოვდეს და "ჰამასის" წინააღმდეგ იბრძოლოს.

მაკრონმა არ დააკონკრეტა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში ათობით ქვეყნის კოალიცია ამერიკის ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც ისრაელი არ არის.

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ისრაელი ტერორიზმს, როგორც მათ "საერთო მტერს" ისე აღიქვამენ. ”ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ჩვენი... ეს არის ყველას ბრძოლა”, - თქვა მან.

ასევე ნახეთ: ისრაელის გენშტაბი: „ჩვენი მიზანია „ჰამასის“ სრული განადგურება“

შეერთებული შტატების მეთაურობით ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი კოალიცია 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა.

7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმისას, საფრანგეთის 30 მოქალაქე მოკლეს. ისრაელზე თავდასხმისას 200-ზე მეტი ადამიანი ტყვედ აიყვანეს და დაახლოებით 1,400 ადამიანი დაიღუპა. "ჰამასის" ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაზე მას შემდეგ 5,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც თელ-ავივის აეროპორტში ფრანგი მსხვერპლის ოჯახებს შეხვდა, თქვა, რომ ცხრა ფრანგი მძევლის გათავისუფლება "ჰამასის" ტყვეობისგან საფრანგეთის პრიორიტეტია.