ლუტი: 2008 წლის ომმა გვასწავლა, რომ ასეთ პროცესებს საკმარისი ყურადღება უნდა მივაქციოთ

დაგლას ლუტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში

15 წელი ევროპის მიწაზე 21-ე საუკუნის პირველი ომიდან. როგორ იცვლებოდა რუსეთის აგრესიის ფორმები ამ წლების განმავლობაში და როგორ მივიდა კონტინენტი სრულმასშტაბიან ომამდე. 5-დღიანი ომის ნასწავლი და ვერნასწავლი გაკვეთილები. ამ თემაზე „ამერიკის ხმას“ ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, შეერთებული შტატების თადარიგის გენერალ ლეიტენანტი დაგლას ლუტი ესაუბრა. ლუტი ამერიკის ელჩი იყო ნატოში მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოხდინა. ყოფილი დიპლომატი და სამხედრო მეთაური, რომელიც ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა, ამბობს, რომ მსოფლიო ახლა ნათლად ხედავს, არ შეიძლება ისეთი მოვლენის არასაკმარისად შეფასება, როგორიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყანაში სამხედრო შეჭრაა. მაშინაც კი, თუკი დასავლეთის ქვეყნებში არაერთ შიდა თუ გლობალურ პრობლემასთან უწევთ გამკლავება.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, რა გამოცდილება დატოვა ევროპის მიწაზე 21-ე საუკუნის პირველმა ომმა რუსული აგრესიის გასააზრებლად?

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო გაკვეთილი იმის შესახებ, რომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ისეთ პოტენციურ გამოწვევებს, როგორიც პუტინის რუსეთის აგრესიაა. და ეს უნდა გავაკეთოთ დროულად, მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანია და როცა ამას აზრი აქვს. დასავლეთის ყურადღება მაშინ სხვა საკითხებზე იყო მიმართული და მან არ მიაქცია საკმარისი ყურადღება იმ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომელიც მიუთითებდა, რომ ვლადიმირ პუტინი ფუნდამენტურად რევანშისტი, რევიზიონისტი და იმპერიალისტი იყო.

მაშინაც კი, როცა არსებობს კონკურენტული ინტერესები, იქნება ეს ერაყი, ავღანეთი, ფინანსური კრიზისი,  არჩევნები თუ სხვა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით კი იმას, თუ ერთი ქვეყანა მეორეში იჭრება",
- დაგლას ლუტი

არადა, ამის მტკიცებულებები ნათელი გახლდათ. 2007 წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა არსებითად განაცხადა თავისი [ამ] ხედვის შესახებ. შემდეგ კი იყო ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, როცა ნატომ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ და სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ის დღესაც აგრძელებს ქვეყნის დაახლოებით 20 %-ის ოკუპაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

6 წლის შემდეგ, 2014 წელს, იგივე მახასიათებლები განმეორდა და რუსეთმა უკანონოდ დაიპყრო ყირიმი, დონბასში დესტაბილიზაცია მოახდინა და ახლა ვხედავთ უკვე სრულმასშტაბიან ომს. ასე რომ, ეს მახასიათებელი უკვე 15 წელი და მეტია, რაც საკმაოდ ნათელია და არ მგონია, რომ დასავლეთმა მოვლენათა ამ განვითარებას საკმარისი ყურადღება მიაქცია.

ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "ახლა უკრაინის ძალებში ეჭვის შეტანის დრო არ არის"

საქართველოს მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ, რომ რუსეთის აგრესიის რადარზე შემდეგი უკრაინა იქნებოდა, თუკი დასავლეთი გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც ბოლომდე არასდროს შესრულებულა და მოსკოვს არც ამაზე უგია პასუხი. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ 5-დღიანი ომის მემკვიდრეობა, გამოცდილება? რა დასკვნები გაკეთდა, რა შეიცვალა რუსული სამხედრო აგრესიის სხვა, შემდეგი მაგალითებისას?

2008 წელს ამერიკა მოცული იყო ერაყისა და ავღანეთის ომებით. ის სრულად იყო დაკავებული როგორც სამხედრო ოპერაციების, ისე პოლიტიკის წარმოების მიმართულებითაც. 2008 წელი იყო ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის ბოლო წელი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი. იმ წლის ბოლოსვე გვქონდა ადრეული ნიშნები იმისა, რომ ფინანსური სისტემა სტრესის ქვეშ იყო. ამან, რა თქმა უნდა, მიგვიყვანა 2008-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2008 წელს ბევრი რამ ხდებოდა.

ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, უნდა აჩვენებდეს ალიანსის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ პრინციპებს. ესენია: დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა" -
დაგლას ლუტი

ვფიქრობ, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრისა და შემდეგ უკვე ოკუპაციით მიღებული გამოცდილება ისაა, რომ მაშინაც კი, როცა არსებობს კონკურენტული ინტერესები, იქნება ეს ერაყი, ავღანეთი, ფინანსური კრიზისი, არჩევნები თუ სხვა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით კი იმას, თუ ერთი ქვეყანა მეორეში იჭრება. ვფიქრობ, ესაა 2008 წლის გამოცდილება.

კრემლი და პრო-კრემლისტური ჯგუფები გამუდმებით იმეორებენ, რომ ეს ომი არ იყო არაპროვოცირებული ომი. თუმცა 2014 და 2022 წლის აგრესიამ და რუსეთის სხვა ქმედებებმაც სამეზობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრი სკეპტიკოსიც დაარწმუნა. როგორ ფიქრობთ, არის დღეს ლეგიტიმური კითხვები იმაზე, თუ ვინაა აგრესორი და აგრესიის წყარო?

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნათელია. რუსული ნარატივი სიმართლეც რომ ყოფილიყო, ის მაინც ვერ გაამართლებდა 15-წლიან ოკუპაციას. მე არ მჯერა ამის და ალბათ ამ 15 წლის კიდევ ერთი გაკვეთილი სწორედ ისაა, რომ ყურადღება მივაქციოთ და უკუვაგდოთ რუსული ყალბი ნარატივები, ცრუ მტკიცებები, რომელიც შეეხება საქართველოს და ასევე იმ განმეორებით სიყალბეს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების შესახებ.

ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ყველაფერს იტყვის იმისთვის, რომ გაამართლოს ის, რის გაკეთებასაც ისედაც აპირებს. საქართველოს შემთხვევაში ეს მისი 20 %-ის, ორი რეგიონის ოკუპაცია იყო. უკრაინის შემთხვევაში ყირიმის წართმევა, დონბასის დესტაბილიზაცია და ახლა მთელ ქვეყანაში შეჭრა, უკრაინელ ხალხზე, ერზე კრიმინალური თავდასხმა. ასე რომ, ეს ყველაფერი, რასაც ნატოზე ან დასავლეთის საფრთხეებზე ამბობენ, არის ერთადერთი რამ - სიცრუე.

Your browser doesn’t support HTML5

5-დღიანი ომის ნასწავლი და ვერ ნასწავლი გაკვეთილები

2014 წელს ამერიკის ელჩი იყავით ნატოში. ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სწორედ 2008 წლის შემდეგ არასაკმარისმა რეაგირებამმწვანე შუქიაუნთო 2014 წლის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამის შემდეგაც კი, მრავლისმომცველი სანქციების დაწესებას კვლავ დრო და ძალისხმევა დასჭირდა. რა დისკუსიები მიმდინარეობდა მაშინ უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში და როგორ შეიცვალა ეს დღეს?

ვფიქრობ, იმ დროის კონტექსტია მნიშვნელოვანი. 2014 წელს ნატო რუსეთს კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევდა, რუსებს ჰყავდათ დელეგაცია ნატოში, მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა მესამე უდიდესი მისია იყო ყველა წევრ თუ პარტნიორ ქვეყანას შორის, ამერიკისა და გერმანიის შემდეგ. მე ჩემს რუს კოლეგას, ალექსანდრ გრუშკოს, რომელიც მაშინ რუსეთის ელჩი იყო ნატოში, სისტემატურად ვხვდებოდი.

ეს ყველაფერი შეიცვალა ყირიმის მიტაცების შემდეგ. ფიზიკურ მიტაცებას მოჰყვა უკანონო ანექსია. და ამ ყველაფრის პარალელურადაც, დასავლეთმა არ გასცა ამას საკმარისი პასუხი. ყირიმის ანექსიას ჩვენთვის უნდა შეექმნა იმაზე უფრო მკაფიო, მკვეთრი წყალგამყოფი, ვიდრე შექმნა.

მართალია 2014 წლის მოვლენებს მოჰყვა სანქციები, მაგრამ შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, რომ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთს მიეღო გზავნილი, რომ მისი ამგვარი ქმედებები მიუღებელი იყო.

მეტიც, ამ მოვლენების ფონზე უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარებაც კი არ იყო საკმარისი. მართალია დავიწყეთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა და ა.შ. მაგრამ ჩვენ მაინც ნელა ვაწოდებდით მათ ყველა სამხედრო შესაძლებლობას. ახლა კი 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ გვიწევს ამ ყველაფრის საგანგებო რეჟიმში მიწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, 2014 წელს ჩვენ [მათ] მივაწოდეთ ძალიან ცოტა და ძალიან გვიან. იქნება ეს სანქციებისა თუ სამხედრო დახმარების კუთხით.

ასევე ნახეთ: ვილნიუსი და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ორიენტირი

15 წლის წინ ბუქარესტში კიევსა და თბილისს დაჰპირდნენ, რომ ისინი ნატოს წევრები გახდებოდნენ. წელს ვილნიუსში მოვისმინეთ, რომ უკრაინა საქართველოსგან განსხვავებით, ალიანსსწევრობის სამოქმედო გეგმის“, იგივემაპ“-ის გარეშე შეუერთდება. თუმცა საქართველოსაც და უკრაინასაც კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. კრიტიკოსები ალიანსს ამ ქვეყნებისრუხ ზონაშიდატოვებაში ადანაშაულებენ. რა დახმარება სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე ალიანსისგან?

ნატოსა და საქართველოს ძალიან განსაკუთრებული პარტნიორობა აქვთ, უნიკალური, რომელიც შემუშავებულია საიმისოდ, რომ მისცეს საქართველოს საშუალება, საბოლოოდ ალიანსის წევრი გახდეს. ამისთვის „წევრობის სამოქმედო გეგმა“ აუცილებელი მოთხოვნა არაა. ესაა კონვენციური, ტრადიციული გზა არა-წევრებისთვის. თუმცა ვხედავთ, რომ ფინეთი გაწევრიანდა მის გარეშე, შვედეთიც ასევე გაწევრიანდება მალე. ვილნიუსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ არც უკრაინას დასჭირდება „მაპ“-ი. ასე რომ რა არის საჭირო? ვფიქრობ ისევ და ისევ ნატოს დამფუძნებელ შეთანხმებას უნდა დავუბრუნდეთ. ის თითქმის 75 წლისაა. ხელშეკრულების მეათე მუხლი ხაზს უსვამს იმ მოთხოვნებს, რაც ახალმა წევრებმა უნდა დააკმაყოფილონ.

ესაა სამი უმთავრესი მოთხოვნა: ყველა წევრი უნდა თანხმდებოდეს, უნდა იყოს კონსენსუსი. რა თქმა უნდა, ახლა ეს არ არსებობს არც საქართველოს და არც უკრაინის შემთხვევაში. მეორე არის ის, რომ ასპირანტ ქვეყანას უნდა შეეძლოს ნატოს კოლექტიურ თავდაცვაში წვლილის შეტანა, ანუ შეეძლოს არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა, არამედ სხვების თავდაცვაში მონაწილეობა, კონტრიბუციაც. ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით ავღანეთში მისიებში კონტრიბუციის თვალსაზრისით. მესამე აუცილებელი მოთხოვნა კი იმას შეეხება, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, უნდა აჩვენებდეს ალიანსის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ პრინციპებს. ესენია: დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა. თუ ამ მიმართულებებით პროგრესი იქნება, მაშინ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.