ლონდონი დღეს კენჭს უყრის ევროკავშირის დატოვების გეგმას

დღეს ბრიტანეთის პარლამენტში კენჭს უყრიან ევროპის კავშირის დატოვების გეგმას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან უკვე მოილაპარაკა. კენჭისყრა დეკემბერში იყო დანიშნული, მაგრამ ის პრემიერმა დროებით შეაჩერა, რადგან ჩათვალა, რომ გეგმის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მას ჯერ გარანტირებული არ ჰქონდა.

პრემიერმა შესაძლოა ე.წ. ბრექსიტის გეგმის დამტკიცებას ვერც დღეს მიაღწიოს, რადგან დეკემბრის შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტში ცოტა რამ შეიცვალა. გეგმის სხვადასხვა პუნქტი არ მოსწონთ არც ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრე და არც მის მოწინააღმდეგე კანონმდებლებს.

ტერეზა მეი ორშაბათს კიდევ ერთხელ შეეცადა კანონმდებლების გადაბირებას, მაგრამ უთანხმოების მთავარი წყარო ჯერჯერობით ისევ მოუგვარებელი რჩება. ეს არის ღია საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიას და ევროპის კავშირს შორის, რომელიც რამდენიმე მიმართულებით, ბრიტანეთს კვლავ ევროპის კავშირის სავაჭრო პოლიტიკასთან მიბმულს ამყოფებს.