ევროკავშირის 10 უმსხვილეს ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ევროპელებს ევრო-ინსტიტუტებისადმი რწმენა უბრუნდებათ. "ბრექსიტი"-დან ერთი წლის შემდეგ, ევროპელების უმრავლესობა ამბობს, რომ მათ არ სურთ "ბრექსიტის" პროცესი გაგრძელდეს და ევრობლოკი სხვა ქვეყნებმაც დატოვონ.
ევროკავშირისადმი მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია 30 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებსაც ევროკავშირამდე ეპოქა არც ახსოვთ.
ევროკავშირში არსებული განწყობების შესახებ კვლევა "პიუს კვლევების ცენტრმა" გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტში და აპრილში ორგანიზაციამ ათი ათასამდე ევროპელი გამოკითხა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით ბრექსიტის, შიდა ტერორიზმის და ლტოლვილთა პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირისადმი ევროპელების კეთილგანწყობა იზრდება.
ევროპას და შეერთებულ შტატებს, როგორც დემოკრატიებს, აქვთ უნარი გამოასწორონ ხარვეზებიდენ ფრიდი, "ატლანტიკური საბჭო"
„ეს ჩვენი გლობალური კვლევის ნაწილია, რომელსაც 38 ქვეყანაში ვატარებთ. ყოველწლიურად ევროპელებს ვეკითხებით მათ აზრს ევროპულ პროექტზე. წელს გამოკითხვები ევროპის ათ უმსხვილეს ქვეყანაში ჩავატარეთ და ის წარმოადგენს ევროპის მოსახლეობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობის განწყობა ბევრი საკითხისადმი უფრო დადებითია ვიდრე, მაგალითად, გასულ წელს იყო," ამბობს "პიუს" გლობალური კვლევების დირექტორი რიჩარდ უაიკი.
გამოკითხვები საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ესპანეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ეს 10 ქვეყანა ევროპის კავშრის მოსახლეობის დაახლოებით 80 და ეკონომიკის 84%-ს შეადგენს.
ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები იმედისმომცემია და ის ევროპელების ოპტიმიზმს აჩვენებს.
“ჩვენ ვხედავთ ოპტიმიზმს ევროპელებში, ასევე ვხედავთ რომ მათ სჯერათ ევროპული ინსტიტუტების. ევროპელებს სჯერათ ევროპული მომავლის. ამავდროულად, კვლევები გვიჩვენებს საკითხებს, რომლებზეც სამუშაოა. არის სუსტი წერტილებიც, თუმცა განწყობები გასულ წელთან შედარებით უკეთესია. ევროპას და შეერთებულ შტატებს, როგორც დემოკრატიებს, აქვთ უნარი გამოასწორონ ხარვეზები, ეს უნარი დიქტატურებს არ გააჩნიათ.”
ევროპელების უმეტესობას ევროპის კავშირში დარჩენა სურთბენჯამენ ჰადადი, "ჰადსონის ინსტიტუტი"
ევროკავშირისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევიან 18-დან 29-წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მათ 73%-ს სჯერა ევროკავშირის. სანდოობის დონე დაბალია უფროს თაობაში, 50 წელს გადაცილებულ გამოკითხულებს შორის ეს მაჩვენებელი 58%-ია.
"ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარი და საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კამპანიის ერთ-ერთი მრჩეველი ბენჯამენ ჰადადი ამბობს, რომ კვლევა იმედისმომცემია, რადგან მთლიანობაში ევროპის კავშირისადმი ადამიანები უფრო დადებითად არიან განწყობილნი ვიდრე უარყოფითად.
„ევროპელების უმეტესობას ევროპის კავშირში დარჩენა სურთ, ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ბრექსიტის ეფექტი. ევროპელებს არ სურთ იგივე მოხდეს მათ ქვეყანაში. მეორე მნიშნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება," ამბობს ჰადადი.
ათ ქვეყანაში გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ "ბქერსიტი" ევროკავშირისთვის ცუდი იქნება. ეს მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია შვედეთში (86%), ნიდერლანდებში (80%) და გერმანიაში (74%).
თავად ბრიტანელებში "ბრექსიტის" შედეგებზე აზრი თითქმის თანაბრადაა დაყოფილი. გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ "ბრექსიტი" ბრიტანეთისთვის კარგი იქნება, 48% კი უარყოფითადაა განწყობილი.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ასევე აჩვენებს იმ სფეროებს, რომლებზეც ევროპის კავშირს მთავარი დებატები წინ აქვს.
“კვლევის შედეგებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ევროპელებს აწუხებთ მიგრაციის საკითხი, ამავე თემას უკავშირდება მათი უსაფრთხოება და ტერორიზმის შიში. ევროპელებს ასევე აქვთ კითხვები იმაზე, თუ როგორი იქნება ეკონომიკა და ვაჭრობა მომავალში. ევროპამ ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს.”
პიუს კვლევების ცენტრი ახლა კიდევ ერთ გლობალურ პროექტზე მუშაობს. ევროპის კავშირისადმი განწყობების შესწავლის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი ინსტიტუტი ახლა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მიმართ არსებულ განწყობებს და მოლოდინებს იკვლევს.
Facebook Forum