ლიბანის წითელი ჯვრის თანახმად, კვირას, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონ აქარში საწვავის ცისტერნის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 79 დაშავდა. ინციდენტი დაემთხვა საწვავის და ელექტროენერგიის მწვავე ნაკლებობას, რის გამოც ბენზინ-გასამართ სადგურებზე დიდი რიგებია და ელექტროენერგიის ხანგრძლივად გათიშვები ხდება.
ასევე ნახეთ: ლიბანში ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლალიბანის არმიამ ცისტერნის აფეთქების გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტმა მაიკლ აუნმა კი თავდაცვის უმაღლეს საბჭოს რეაგირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდა. დაღუპულთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან.
აფეთქების გარემოებები ჯერ ისევ ბუნდოვანია. არმიამ განაცხადა, რომ საწყობიდან საწვავის შესანახი ცისტერნის კონფისკაცია მოახდინა, რომელშიც დაახლოებით, 60 ათასი ლიტრი ბენზინი ინახებოდა. გაიცა ბრძანება, რომ უაღრესად საჭირო ბენზინი მოსახლეობისთვის გაენაწილებინათ. ზოგიერთი მოწმე ამბობს, რომ სამხედროების წასვლის შემდეგ, ცისტერნაში დარჩენილი ბენზინის ასაღებად უზარმაზარი ჭყლეტვა მოხდა და ცისტერნა ღია ადგილზე აფეთქდა.
ლიბანში საწვავი დეფიციტური და სულ უფრო ძვირი ხდება. ზოგიერთი ამ მწვავე ნაკლებობას, მარაგების კონტრაბანდული გზით სირიაში გატანას, მოსახლეობის მიერ ჭარბად ყიდვას და ფინანსურად შეზღუდული მთავრობის მიერ საწვავის იმპორტის უზრუნველყოფის უნარის არქონას აბრალებს.
საწვავის ნაკლებობა საცხობებს, საავადმყოფოებს და სხვა ბიზნესებს დაკეტვას აიძულებს.