ლავროვი აცხადებს, რომ ბლინკენს სატელეფონო საუბრისთვის დროს შესთავაზებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი შეერთებულ შტატებს, სატელეფონო საუბრისთვის დროს შესთავაზებს. აქამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლიკენი აცხადებდა, რომ აპირებს, რუს კოლეგასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს.

შეერთებული შტატების განცხადებით, ვაშინგტონმა მოსკოვს „მნიშვნელოვანი წინადადება“ წარუდგინა პატიმრების გაცვლის კუთხით. ამერიკა რუსეთს სთავაზობს, იარაღით ვაჭრობაში დამნაშავე ვიქტორ ბუტის გაადაცემას ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და რუსული სასამართლოს მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული პოლ უილანის სანაცვლოდ.

ბლინკენსა და ლავროვს ერთმანეთთან რუსეთის უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ არ უსაუბრიათ. დაკავებული ამერიკელების ოჯახები ამერიკის მთავრობას სთხოვენ დაეხმარონ მათი ახლობლების გათავისუფლებაში.

ასევე ნახეთ: 10 მილიონი დოლარი ინფორმაციისთვის, რომელიც არჩევნებზე რუსულ ჩარევას ეხება

ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები, ჟენევის სამიტის შემდეგ მიმდინარეობს, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს შეხვდნენ. უზბეკეთში ვიზიტისას, ლავროვმა თქვა, რომ ბლინკენს რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაელაპარაკება.

„დღეს არ გამოვა, მაგრამ მომავალ დღეებში ჩვენ ამერიკელ კოლეგებს შესაბამის თარიღს შევთავაზებთ“, - თქვა ლავროვმა. სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ლავროვის კომენტარზე.