ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში, გარდაცვლილი პრიგოჟინი საკუთარ უსაფრთხოებაზე საუბრობს

რუსი დაქირავებულების ბოსის, ევგენი პრიგოჟინის ახლად გამოქვეყნებული ვიდეო მიზნად ისახავს მის ჩვენებას აფრიკაში, სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე და ვიდეოში ის საუბრობს საკუთარ თავზე და მისი უსაფრთხოების მიმართ შესაძლო მუქარებზე.

„მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ არის ჩემი საქმეები - ახლა კვირის უქმე დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი. მე აფრიკაში ვარ,“ ამბობს პრიგოჟინი მოკლე ვიდეოში, რომელიც „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულ „ტელეგრამის“ არხ Grey Zone-ზე გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლის პრეს-სპიკერი: "შეთანხმებიდან ორ თვეში პრიგოჟინი მოკლულია"

„ასე რომ მათთვის, ვისაც ჩემს მოშორებაზე მსჯელობა მოსწონს, ან აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება, რამდენს გამოვიმუშავებ არ რამე სხვა - ყველაფერი კარგადაა,“ დაამატა მან ხელის დაქნევით.

სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო დაედგინა ადგილი და დრო, სადაც გაკეთდა ვიდეო, რომელიც მოძრავი ავტომანქანის სალონშია ჩაწერილი. პრიგოჟინის საველე სამოსი და ქუდი და ასევე საათი მის მარჯვენა ხელზე, ემთხვევა 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს გამოსახულებას, რომელზეც გაცხადდა, რომ ასევე აფრიკაშია ჩაწერილი.

მის მიერ კვირის „უქმეებზე“ მინიშნება გულისხმობდა, რომ ბოლო ვიდეო 19 ან 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, 23 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს მისი და ვაგნერის სხვა წევრების დაღუპვამდე მხოლოდ სამი ან ოთხი დღით ადრე.

ვიდეოში გაჟღერებული კომენტარები, პრიგოჟინის მიერ მისი სიცოცხლისთვის არსებული რისკების გაცნობიერებას ასახავდა.

კრემლმა უარყო როგორც „აბსოლუტური ტყუილი“ მინიშნებები იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინი სამაგიეროს გადახდის მიზნით მოკლა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავის დაღუპვის გამოძიება დანაშაულის შესაძლებლობასაც იკვლევს.