ყირგიზეთი: არჩევნები და არჩევანი

გასულ კვირას ნიუ იორკში გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია "ყირგიზეთის შესაძლებლობები: მეორე ფორუმი," რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ

მდგომარეობის ნორმალიზაციისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ინვესტიციების მოზიდვა და სრულყოფილი სამეწარმეო საქმიანობის აღდგენა ყირგიზეთში შეუძლებელი იქნება - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ გასულ კვირას ნიუ იორკში გამართული ერთდღიანი კონფერენციის მონაწილეები. კონფერენცია სახელწოდებით „ყირგიზეთის შესაძლებლობები: მეორე ფორუმი“ ნიუ იორკის როკფელერის ცენტრში მდებარე იურიდიულ ფირმა Chadbourne & Park-ის ოფისში გაიმართა. კონფერენციაში ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამაც მიიღო მონაწლიეობა.

კონფერენციაზე გამოსულმა ამერიკელმა და კანადელმა დიპლომატებმა და ბიზნესმენებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ თუ მდგომარეობის დესტაბილიზაცია გაგრძელდა, მაშინ პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების ბედ-იღბალი დიდი საფრთხის წინაშე დადგება. ამდენად 10 ოქტობმერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები და ქალბატონ ოტუნბაევას მთავრობის მიერ ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ზომები ინვესტორების დიდ ყურადღებას იწვევს. ახლად მიღებული კონსტიტუციის თანახმად ქალბატონი ოტუნბაევა პრეზიდენტის სავარძელს შეინარჩუნებს გარდამავალი პერიოდის მანძილზე, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს იწურება.

10 ოქტომბერს ყირგიზეთს მიეცემა შესაძლებლობა გახდეს პირველი აზიური მუსლიმანური სახელმწიფო, სადაც დამკვიდრდება საპარლამენტო დემოკრატია, აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა. მან ყირგიზეთისთვის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და გამოთქვა იმედი, რომ ყირგიზეთის მთავრობა ფედერალური მთავრობის მიერ სხვადასხვა არხებით მიწოდებულ სახსრებს გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიყენებს.

ბატონმა ბლეიკმა ახსენა ფინანსური დახმარება, რომელიც ათობით მილიონ დოლარში გამოიხატება. მაგრამ როცა სიტყვით ყირგიზეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟანტორო სატიბალდიევი გამოვიდა მის უკან დამონტაჟებულ ეკრანზე ყირგიზეთის მთავრობის მიერ შედგენილი საჭირო ფინანსური დახმარების ამსახველი ციფრები გამოჩნდა და აუდიტორია უცებ გაჩუმდა. სატიბალდიევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთს უცხოელი დონორებისგან 1.2 მილიარდი დოლარის დახმარება სჭირდება.

სატიბალდიევს მიაჩნია, რომ ახალი დემოკრატიის განვითარებისთვის ყირგიზეთი უცხოელი დონორების თანადგომას საჭიროებს. მისი თქმით, ყირგიზეთის ახალი ადმინისტრაცია საკმაოდ „გამბედავ ზომებს“ ღებულობს. მათ შორის საკადრო აპარატის განახლება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლებიდან კორუმპირებული პირების მოცილება და აღმასრულებელ აპარატში თანამდებობებზე კანდიდატების ზედმიწევნით შერჩევა პოლიგრაფის გამოცდის გამოყენების მეოხებით.

„ჩვენ ინვესტიციების დაბანდებისთვის ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ და ჩვენ უცხოურ კაპიტალს აუცილებლად დავიცავთ. არსებული პროგნოზის თანახმად მიმდინარე წლის მანძილზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი 5.4 პროცენტით გაიზრდება,“ აღნიშნა პრემიერ მინისტრის მოადგილემ.

გასაკვირი ის არის, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, გარკვეული დასავლური კომპანიები დიდი ხნის მანძილზე საკმაოდ მომგებიანად ფუნქციონირებენ ყირგიზეთში. მაგალითად ოქროსმომპოვებელი კომპანია Centerra Gold-ის წარმომადგენელი ფრენკ ჰერბერტი აღნიშნავს, რომ მისი ფირმა ყირგიზეთში 1997 წლიდან მუშაობს და ქვეყნის საერთო სამრეწველო წარმოებაში მისი წვლილი 24 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე წლის მანძილზე ამ ფირმამ ყირგიზეთის ბიუჯეტში 100-ზე მეტი მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადები გადარიცხა.

თავის ყოვლისმომცველ გამოსვლაში პრეზიდენტმა ოტუნბაევამ ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან კერძოდ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის „კორუმპირებულმა კლანმა“ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მოუტანა. მისი თქმით, ბაკიევის ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება მიმდინარეობს. იმავდროულად ოტუნაბევამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეკონომიკური ამნისტიის შესახებ, რომლის თანახმადაც თუ მთავრობასთან გადასახადების საკითხი პირველ ოქტომბრამდე მოგვარდა, ამა თუ იმ მეწარმის პასუხისმგებლობა მოხსნილი იქნება.

ოტუნბაევამ ყურადღება მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. მისი პროგნოზის თანახმად, 29 დარეგისტრირებული პარტიიდან არჩევნების შედეგად პარლამენტში შეიძლება 5-7 პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. „მავანი თვლის, რომ ლიბერალური დემოკრატია ყირგიზეთისთვის კატასტროფას ნიშნავს. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია დემოკრატიულ საწყისებზე დაყრდნობით სავსებით შესაძლებელია,“ აღნიშნა ოტუნბაევამ.

კონფერენციაზე დამსწრე ექსპერტმა სტივენ სესტანოვიჩმა ქალბატონ ოტუნბაევას დაუსვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ ყირგიზეთისთვის მისაღებია მხოლოდ მმართველობის საპრეზიდენტო და არა საპარლამენტო ფორმა, რაზეც ოტუნბაევამ შემდეგი პასუხი გასცა: „რუსეთის პრეზიდენტს მმართველობის ფორმის შესახებ შეიძლება თავისი წარმოდგენა ჰქონდეს, ჩვენ კიდევ ჩვენი. საკუთარი გეზის არჩევის უფლება ჩვენ დიდ ფასად დაგვიჯდა. ჩვენ საპარლამენტო დემოკრატია იმიტომ ავირჩიეთ, რომ ორმა პრეზიდენტმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევქმნით ისეთ მთავრობას, რომელიც პარტიებს შორის კონსენსუსის შექმნას შეუწყობს ხელს.“