საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ის ერთგვარი მესიჯია რუსეთის ფედერაციისადმი და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხს ეხება.
ტატუნაშვილის გარდაცვალების თაობაზე ცნობა 23 თებერვალს გავრცელდა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. თუმცა, ამ დრომდე ოჯახის წევრები და მთლიანად, საზოგადოება მისი ცხედრის გამოდმოსვენების მოლოდინშია. პროცესი იწელება და ის, შესაძლოა კიდევ კარგა ხანს გაჭიანურდეს.
ამგვარი გამოცდილება ქართულ მხარეს კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით აქვს. დავით ბაშარული, რომელიც ასევე ახალგორიდან გაუჩინარდა, ბოლოს ახალგორის პოლიციის შენობიდან გამოსული 2014 წლის 4 ივნისს ნახეს. ამის შემდეგ ის 6 თვის განმავლობაში დაკარგული იყო და იძებნებოდა. 2015 წლის იანვარში კი მისი ცხედარი ახალგორთან ახლოს, ტყეში იპოვეს. ცხედარი ოჯახს ორი თვის შემდგომ დაუბრუნდა, ექსპერტიზის საბუთებს კი საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ითხოვდა რუსეთისგან.
პრემიერ მინისტრი თავის განცხადებაში ამბობს: „ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც... მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად.“
პრემიერი რუსეთის ფედერაციას წინადადებით მიმართავს ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა რას მოიცავს ეს „ერთობლივი ნაბიჯები“, ამის თაობაზე ტექსტში არაფერია დაკონკრეტებული.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამის უკან ფარული გარიგების კონტურები იკვეთებოდეს. მას დაუშვებლად მიაჩნია „მტერ სახელმწიფოსთან ასეთი ტონით საუბარი. მით უმეტეს დღეს, როდესაც ამ სახელმწიფომ მოკლა ჩვენი თანამემამულე და მისი ცხედარი დააპატიმრა. ამ სახელმწიფოსთან გონივრულობაზე, ჰუმანურობაზე საუბარი არის ან სიბრიყვე, ან თვალთმაქცობა. მინდა, ძალიან დიდი იმედი მქონდეს, რომ ამ ფაქტს არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება და არ იწყებს დაუფარავად პრორუსული პოლიტიკის გატარებას, რადგან ნებისმიერი მინიშნება პირდაპირ დიალოგზე ოკუპანტ ქვეყანასთან – რუსეთთან ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება“.
"ამერიკის ხმა" ზურაბ ბენდიანიშვილს კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელიც პრემიერის განცხადებას შემდეგნაირად აფასებს: „მართალი რომ გითხრათ, ჩემთვის რთულია თქმა, რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება. ტატუნაშვილის კონტექსტი რომ არ არსებულიყო და პოლიტიკური ინიციატივის სახით წარგვედგინა, მესმის, მაგრამ ამ მკვლელობის ფონზე ეს ინიციატივა და ამ განცხადების გაკეთება, აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ეს თხოვნაა, რომ სხვანაირად არ გამოგვივიდა და იქნებ ცხედარი გადმოგვცეთ, დიდი რისკის შემცველი განცხადებაა, ცუდად აისახება, მათ შორის თვითონ ხელისუფლების რეიტინგზე და არამგონია, მას პრაქტიკული შედეგი მოჰყვეს. გაიგებარია თხოვნით მიმართვის მომენტი იმ დროს, როდესაც ყველანაირი: მორალური თუ პოლიტიკური კანონით გვეკუთვნის, გარდაცვლილის ცხედარი. ამის განცხადების შემდგომ, რუსეთმა თუ ცხედარი გადმოგვცა, უნდა ვთქვათ, რა კარგია რუსეთი, რომ ჯერ მოკლა ადამიანი, შემდგომ კი ცხედარი გადმოგვცა?“
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კვლავ ცხედრის გადმოცემის მოლოდინშია. ნუგზარ თინიკაშვილი, ახალგორის გამგებელი, რომელსაც წილკანში დავუკავშირდით, ამბობს, რომ „ოჯახი პრემიერის განცხადებას იმედიანად შეხვდა. მეც აქ ვარ ახლა, წილკანში, მათთან და ვიცი ამის შესახებ. დიახაც ხელისუფლების მაღალი რანგის პირებმა უნდა გადაწყვიტონ დიალოგის გზით ნებისმიერი სახის პრობლემა, მათ შორის, ესეც“.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თხოვნით რუსეთის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმაც მიმართა, რომელზე მიღებულ პასუხშიც ნათქვამია: „თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით“.
ცხინვალში 6 მარტს გაიმართა მიტინგი, რომელზეც მოითხოვდნენ ოჯახისთვის ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცათ. სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, რომ ეს სპეც–სამსახურების მიერ მართული აქცია იყო და რომ რეალურად, ცხინვალის მაცხოვრებლებიც შეძრწუნებულები არიან მომხდარით. ცხინვალში აქციაზე მისულმა ადამიანებმა ტრანსფარანტებთან ერთად იმ ადამიანის ფოტოებიც მიიტანეს, ვინც კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილია ოსური მხრიდან. ცხინვალში კიდევ ერთხელ გაიჟღერა იმ ოსი ეროვნების სამი ახალგაზრდის გვარმა (სოლტან პლიევი, ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი), რომლებიც ოსური მხარის მონაცემებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გაუჩინარდნენ. ქართული მხარე მათ გადმოსვლას და გარდაცვალებას საქართველოს ტერიტორიაზე არ აღიარებს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი კი ჯერ–ჯერობით არ იძვრის, დე–ფაქტო ადმინისტრაცია ამბობს, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ექსპერტიზა ბოლომდე მივიდეს.