მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების დეტალური გეგმა ან ვადები ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ ვერ მიიღო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გზა ალიანსში გაწევრიანებისთვის დამოკლდა. დმიტრო კულებას თქმით ვილნიუსის სამიტის შემდეგ ნატოში უკრაინის გაწევრიანება „აბსოლუტურად შეუქცევადი“ გახდა.
კულება „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, იქნება ეს წევრობის სამოქმედო გეგმის „მაპის“ გაუქმება თუ უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა. კულება განმარტავს, რომ დღეს ნატოს წევრები „ბევრად უფრო დარწმუნებით ამბობენ“, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
"MAP-ის გაუქმება მართლაც დიდი ამბავია. ექვსი თვის წინ ამაზე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა", - ამბობს კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კიევი გააძლიერებს მუშაობას ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რათა „წევრობის გზა არ გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში“.
"ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა პირობა არსებობს ალიანსში უკრაინის წევრად მიწვევისთვის. ჩვენ აქ ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. მათი პოზიციაა, რომ არის გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება“, - ამბობს კულება.
მიუხედავად იმისა, რომ კულება ნატოს სამიტის შედეგებით კმაყოფილია ამბობს, რომ ეს ომს და ევროპაში უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
"ყველას - მათ შორის ჩვენს პარტნიორებს - ესმის, რომ ყველაზე ძლიერი გარანტია იმისა, რომ ევროპაში აღარასოდეს იქნება ომი, არის უკრაინის წევრობა ალიანსში. ყველა სხვა გარანტია კარგია, მაგრამ არცერთი არ ჩაანაცვლებს ნატოს წევრობას", - ამბობს კულება.