კრემლი: უკრაინა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს საფრთხეს უქმნის

კრემლი უკრაინის ხელისუფლებას „ტერორიზმში“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ კიევის „არაპროგნოზირებადი“ ქმედებები, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს საფრთხეს უქმნის.

მოსკოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, შავ ზღვის წყლებში, უკრაინის პორტებისკენ მცურავი ყველა გემი შეიძლება სამხედრო სამიზნედ ჩაითვალოს და მათზე იერიში განხორციელდეს.

„არაპროგნოზირებადი ქმედებები, პოტენციურად ქმნის საფრთხეებს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა და თქვა, რომ ეს კიევის „ტერორისტული ქმედებების“ ნაწილია.

ასევე ნახეთ: რუსეთის მორიგი იერიში ოდესაზე - 100 ტონაზე მეტი მარცვლეული განადგურდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ივარჯიშა „მცურავი სამიზნეების“ განადგურებასა და გემების დაკავებაზე. ვაშინგტონში მოსკოვის წარმომადგენელი ამბობს, რომ გემებზე თავდასხმის გეგმა არ არსებობს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან სამოქალაქო გემებზე იერიში მიიტანოს და პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს.

„ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა, უკრაინის პორტების მისადგომებთან, დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

რუსეთმა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობა ორშაბათს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ყირიმის ხიდზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.