კრემლმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან დაკავშირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანმა გაყინა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO).
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდას" უთხრა, რომ მოსკოვს სომხეთისგან მეტი დეტალის შეტყობა ესაჭიროება. „სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ნაბიჯი არ გადაუდგამს", - თქვა პესკოვმა. „ჩვენ ვაპირებთ დავუკავშირდეთ ჩვენს კოლეგებს და დავაზუსტოთ ამ განცხადებების არსი" - დასძინა მან.
ასევე ნახეთ: ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის და ერევანი აშშ-ს, საფრანგეთს და საქართველოს უნდა დაუახლოვდესფაშინიანმა აღნიშნული განცხადება ერთი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პაქტი სომხეთისთვის ჩავარდა და არ მუშაობს. საფრანგეთის ტელეარხ France 24-თან საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ ერევნის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მოსკოვის მოწოდებები სომხეთის მოქალაქეებისადმი, რათა მათ საკუთარი მთავრობა გადაეყენებინათ.
სომხეთის ლიდერი რუსეთთან ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს არც მანამდე მალავდა და ხმამაღლა ამბობდა, რომ სომხეთი საკუთარი თავდაცვის საკითხებში რუსეთს აღარ უნდა ეყრდნობოდეს. მან ადრე ისიც თქვა, რომ უნდა გადაიხედოს ერევნის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. რუსეთის და სომხეთის გარდა, ორგანიზაციაში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გაერთიანებული არიან: ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
Your browser doesn’t support HTML5