კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის შესახებ, საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზნებს სწავლობს.
„უოლ სტრიტ ჯორნალმა“ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინას და წამყვან განვითარებად ქვეყნებს მიიწვევს. გამოცემა ამბობს, რომ კიევი და დასავლეთის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთი არ არის წარმოდგენილი, შეიძლება სამშვიდობო პირობებზე შეთანხმება მოჰყვეს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინას.
აღნიშნულზე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: "რა თქმა უნდა, რუსეთი თვალს ადევნებს ამ შეხვედრას. ჩვენ უნდა გავიგოთ რა მიზანი აქვს მას და რა იქნება განხილული. [ვითარების] მშვიდობიანი მოგვარების ნებისმიერი მცდელობა დადებით შეფასებას იმსახურებს".
თუმცა, პესკოვმა ასევე გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ იგი ამჟამად ვერ ხედავს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველს.
„კიევის რეჟიმს არ სურდა და არ სურს მშვიდობა. ის გამოიყენება მხოლოდ როგორც კოლექტიური დასავლეთის იარაღი, რუსეთთან ომში“, - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ასევე ნახეთ: პუტინი აფრიკელ ლიდერებს უფასო მარცვლეულს პირდებასაუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი აქამდე კონფლიქტში შუამავლობის მზადყოფნას გამოთქვამდა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ აფრიკის ქვეყნების ლიდერების სამშვიდობო ინიციატივა, შეიძლება იყოს საფუძველი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის. თუმცა, მისი თქმით, რუსეთზე უკრაინის თავდასხმები ამის განხორციელებას ართულებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ცეცხლის შეწყვეტის იდეა, რომელიც რუსეთს უკრაინის თითქმის მეხუთედზე კონტროლს შეუნარჩუნებს და მის ძალებს, 17-თვიანი ომის შემდეგ გადაჯგუფების საშუალებას მისცემს.