პარასკევ დილით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა გადაკვეთა სამხედრო დემარკაციის ხაზი, რომელიც ორ კორეულ სახელმწიფოს 60 წლის განმავლობაში ჰყოფდა. კომუნისტური ჩრდილოეთ კორეისა და დემოკრატიული სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ნახევარკუნძული ბირთვული პროგრამისგან უნდა გათავისუფლდეს და იქ მშვიდობამ დაისადგუროს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯი-ანმა თქვა, რომ ის ჩრდილოელ კოლეგასთან თანხმდება იმაზე, რომ ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება მათი საერთო მიზანია.
კიმ ჩენ უნი პირველი ჩრდილო კორეელი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩავიდა. მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი საზღვართან, სოფელ პანმუნჯომში ელოდა. ეს ისტორიული სოფელია, სწორედ იქ მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კორეის ომის შემდეგ 1953 წელს. ჩრდილო კორეელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის აღტაცებულია ამ ისტორიულ ადგილზე შეხვედრით, ბოლოს კი დასძინა, რომ აინტერესებს, „რატომ დასჭირდა ამ ყველაფერს ამდენი ხანი“.