ჯონ კერი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკელი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებით ემუქრებიან, თუ ფხენიანი რაკეტის გამოცდას განახორციელებს.
სეულში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კერიმ მკაცრად გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი, რომ არ დაუშვას ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.
მისი თქმით:“ ეს დიდი შეცდომა იქნება, რადგან მისი ქვეყნის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს, მშიერ ხალხს კი საკვები ჭირდება და არა ბალისტიკური რაკეტები.“
სეულიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანი პეკინში ჩავა, სადაც ჩინეთის მთავრობასთან ჩრდილოეთ კორეის მოთოკვის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ჯონ კერის თქმით:’’ ჩინეთს უდიდესი შესაძლებლობა აქვს განმუხტოს სიტუაცია და კორეელებს და მთელი მსოფლიოს ხალხებს იმედი მისცეს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება და მოლაპარაკების გზით გადაწყდება.“
სამხრეთ კორეის ლიდერებმა ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ფხენიანთან მოლაპარაკების გამართვას უჭერენ მხარს.
ჩრდილოეთ კორეა 1953 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან გასვლით დაიმუქრა და მზადყოფნა გამოთქვა პრევენციული ატომური დარტყმა განახორციელოს ამერიკის სამხედრო ბაზებზე, თუ სეული და ვაშინგტონი არ შეწყვეტენ პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს.
ფხენიანმა შეაჩერა ერთობლივი საწარმოს მუშაობა და 53 000 მუშა გამოიყვანა კაესონგის ინდუსტრიული ზონიდან. ჯონ კერის ვიზიტის ფონზე ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ომით დაემუქრა ტოკიოს, თუ იაპონია გაბედავს ფხენიანის რაკეტის ჩამოგდებას.