ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში საკუთარ პროცესებზე მისვლის საშუალება არ მიეცა. მთავრობა მიზეზად უსაფრთხოების საკითხებს ასახელებს და პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროცესებზე დისტანციურად მონაწილეობას სთავაზობს.
მთავრობის პოზიცია, როგორც ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ კითხვებს აჩენს. საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ფიქრობს, რომ მთავრობის ქმედებებით სააკაშვილის უფლებები იზღუდება.
ასევე ნახეთ: საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულება - ევროპარლამენტარები ნინო ლომჯარიას მხარს უჭერენ
„რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება სასამართლო პროცესზე უსაფრთხოების დაცვას? რატომ არის შეუძლებელი იგივეს გაკეთება სამოქალაქო საავადმყოფოსთან? გასაკვირი არ არის, რატომ ფიქრობს ბევრი ადამიანი, რომ ამის რეალური მიზეზი არის ყოფილი პრეზიდენტისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა,“_ წერს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს, თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამას მოითხოვს საქართველოს რამდენიმე დეპუტატიც, რომლებიც ასევე შიმშილობენ. უკვე 10 დღეზე მეტია შიმშილობს ელენე ხოშტარიაც, პარტია „დროას“ ლიდერი. ხოშტარია ამ ფორმით ცდილობს ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა აიძულოს.
Your browser doesn’t support HTML5
დღეს, ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებებით შეიძლება ითქვას, რომ მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის ამ დროისთვის მხოლოდ წყალს იღებს. საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს, მთავრობა ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების ნორმებზე მიუთითებს.