4 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პროტესტის მონაწილეები გააფრთხილა, რომ სამთავრობო და სამხედრო შენობებზე თავდასხმის მოწოდებები უკანონოა. ქვეყნისადმი ვიდეო მიმართვა მან რამდენიმე ქალაქში მიმდინარე პროტესტების ფონზე გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ: ყაზახეთი ისლამურ ექსტრემიზმთან გამკლავებას ცდილობს
მიმართვა მოჰყვა ცნობების, რომ ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათში უსაფრთხოების ძალები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამაყრუებელ ყუმბარებს იყენებდნენ. დემონსტრანტებმა მერის ოფისში შეჭრა სცადეს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის აფეთქებების ხმა, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს ხდება. იქვე ქალაქის მერის ოფისია განთავსებული.
ალმათის რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტა და ქალაქში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.
ასევე ნახეთ: ყაზახეთში გაზზე ფასის ზრდას აპროტესტებენპროტესტმა 2 იანვარს, ყაზახეთის დასავლეთ რეგიონ მანგისთაუში იფეთქა. უკვე მესამე დღეა ასობით ადამიანი საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობს. ისინი თხევადი ბუნებრივი აირის ფასის სწრაფ ზრდას აპროტესტებენ. გაზის ფასი 2022 წლის დასაწყისში თითქმის გაორმაგდა.
დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ღამითაც რჩებიან და გაზის ფასის შემცირებას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. შედარებით მცირე ზომის გამოსვლები სხვა ქალაქებშიც გაიმართა. აქციების მონაწილეები ისეთ საკითხებზეც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, როგორიცაა კორუფცია, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები. პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ოცზე მეტი ადამიანი დააკავა.
საპროტესტო ტალღის ჩასაცხრობად, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამთავრობო კომისია შექმნა, რომელიც მისი ადმინისტრაციის წევრებითაა დაკომპლექტებული. მისი თქმით კომისია "ამ პრობლემის გადასაჭრელად და ქვეყნის სტაბილურობის საკეთილდღეოდ ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალს მოძებნის".
უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, საჯარო შეკრებების შესახებ ყაზახეთის კანონი საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რადგან შეკრების ჩასატარებლად ხელისუფლებისგან წინასწარი ნებართვის მიღებას მოითხოვს. არასანქცირებული შეკრებების ორგანიზატორების და მონაწილეების წინააღმდეგვ კი სასამართლო დევნას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოქალაქეებს თავისუფალი შეკრების გარანტიას აძლევს.
თოყაევმა პრეზიდენტის პოსტზე, 2019 წლის მარტის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ნურსულთან ნაზარბაევი ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყნის სათავეში 1990 წლიდანაა. ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია და "ერის ლიდერის" წოდება აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ქვეყნის ლიდერად, ისე, რომ თავიდან აირიდოს სასამართლო თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობები