ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მუშაობა დროებით შეაჩეროს. მან დედოფალ ელისაბედს სთხოვა, პარლამენტის სესიები 14 ოქტომბრამდე, დედოფლის მიმართვის ოფიციალურ თარიღამდე შეწყდეს.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ პასუხი არ დააყოვნა. პრემიერ ჯონსონის მოთხოვნიდან სულ რამდენიმე საათში, პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერებაზე მან თანხმობა განაცხადა.
ჯონსონის მოთხოვნა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, ე.წ. ბრექსიტს უკავშირდება. მხარეებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ვადა 31 ოქტომბერს ეწურებათ. შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გასვლა დააზარალებს როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის ეკონომიკას.
პრემიერი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ახალი მთავრობის სამუშაო გეგმას პარლამენტს 14 ოქტომბერს, დედოფლის მიმართვის დღისთვის წარუდგენს.
პარლამენტის სპიკერი ჯონ ბერკოუ ჯონსონის მოთხოვნას აღშფოთებით შეხვდა და მის გადაწყვეტილებას "კონსტიტუციაზე ძალადობა" უწოდა. ბერკოუს თქმით, აშკარაა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია "პარლამენტმა შეწყვიტოს ბრექსიტის განხილვა და შეასრულოს ქვეყნის კურსზე გავლენის ქონის მოვალეობა".
ამასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს 14 ოქტომბრის შემდეგ, მომდევნო დღეებში შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პარლამენტს ახალი ხელშეკრულების დასამტკიცებლად საკმარისი დრო ექნება.