ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტი - ქაოსი თუ გადავადება?


ბრექსიტის საწინააღმდეგო აქცია ლონდონში, პარლამენტის შენობასთან. 6 მარტის ფოტო
ბრექსიტის საწინააღმდეგო აქცია ლონდონში, პარლამენტის შენობასთან. 6 მარტის ფოტო

ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცესის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ისევ ვერ შეძლეს, ძველი კი ბრიტანეთის პარლამენტისთვის ჯერჯერობით მიუღებელია.

სამშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი მეორედ უყრის კენჭს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებულ შეთანხმებას. მის მიღწევას ბრიტანელებმა ორ წელზე მეტი დრო მოანდომეს.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტმა იანვარში ხმა არ მისცა და დიდი უმრავლესობით ჩააგდო. ეს ტერეზა მეისადმი გამოცხადებულ ყველაზე დიდ უნდობლობად და ერთგვარ დამარცხებად ითვლება პრემიერობის პერიოდში. სასწორზე ტერეზა მეის პოსტზე დარჩენის საკითხიც კი დადგა.

დღეს ისე ჩანს, რომ შეთანხმების გატანის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. პრემიერმა ტერეზა მეიმ საჯაროდ აღიარა, რომ მისი დამტკიცების არანაირი გარანტია არ აქვს. "არავინ იცის, რა მოხდება" - თქვა მან.

გარდამავალ პროცესზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ეს ე.წ. გაყრა რამდენიმე მიმართულებით იქნება მტკივნეული პროცესი. პრობლემები იქმნება არამარტო ბიზნესების გაყოფაში, არამედ ეკონომიკური, უსაფრთხოების, საკანონმდებლო, კულტურული და პოლიტიკური კავშირების დაცალკევების გამოც.

ბრიტანეთში 3 მილიონი ევროპის კავშირის მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი 1.5 მილიონი ბრიტანელი. ისინი შიშობენ სამხახურების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სახლების, ცხოვრების უფლების და ბევრი სხვა პრობლემების გამო, რაც ბრექსიტს ახლავს თან.

მთავრობები იძლევიან დაპირებებს, რომ ბრექსიტის შემდეგ ამ ადამიანებს ცხოვრების და მუშაობის უფლებას არ წაართმევენ. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე არაფერია გარანტირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG