ცნობილი განგსტერის, ჯონ დილინჯერის ცხედარს ეგზჰუმაცია ჩაუტარდება

30 წლების ცნობილი განგსტერის, ჯონ დილინჯერის ცხედარს შესაძლოა ეგზჰუმაცია ჩაუტარდეს.

ინდიანის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დილინჯერის ოჯახის წევრს ნება მისცა ლეგენდარული მძარცველის ცხედარი ინდიანაპოლისის ქრაუნ ჰილის სასაფლაოდან ამოასვენონ და მოგვიანებით ის იქვე დაკრძალონ.

კონკრეტული მიზეზი იმის, თუ რატომ გაიცა ეგზჰუმაციის ნებართვა, არ დასახელებულა, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ დილინჯერი სინამდვილეში სხვაგანაა დაკრძალული, იმ ადგილას კი სადაც ოფიციალურად მისი საფლავია, ან არავინ, ან სხვა მამაკაცის ცხედარია.

დილინჯერმა და მისმა დაჯგუფებამ შუადასავლეთის შტატებში 1933-34 წლებში ძარცვების სერიისას სულ მცირე 10 პოლიციელი მოკლა. გამოძიების ფედერალური ბიურო მას პირსისხლიან მკვლელს უწოდება. თუმცა ბევრი მას სახალხო გმირადაც მიიჩნევდა, რადგან ბევრის აზრით, ის დიდი დეპრესიის წლებში იმ ბანკებს ძარცვავდა, რომელთა გამოც ადამიანებმა მთელი ცხოვრების დანაზოგები, მილიონობით დოლარი დაკარგეს.

დილინჯერი საბოლოოდ დააკავეს, მაგრამ 1934 წლის მარტში ის ციხიდან გაიქცა და გარეგნობის შესაცვლელად ოპერაცია ჩაიტარა. თუმცა მოგვიანებით, ქალმა, რომელიც "ქალი წითელ სამოსში" - ამ სახელითაა ცნობილი, დილინჯერის შესახებ ინფორმაცია გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწოდა. აგენტებმა ის ჩიკაგოს ერთ-ერთი თეატრის შესასვლელთან მოკლეს.