შეერთებულ შტატებში ომებში დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიაში იმყოფება, შესაბამისად, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა შეამკო. ამერიკაში დაბრუნებამდე, პრეზიდენტი ხვალ სიტყვით მიმართავს ტოკიოს საზღვაო ბაზა იოკუსკაში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს. მიმართვის მთავარი თემა „იაპონია-ამერიკის პარტნიორობის გლობალურობა იქნება“.
ხსოვნის დღეს ამერიკაში თითქმის 50 წელია აღნიშნავენ. თუმცა, 1868 წელს, როდესაც ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა, მხოლოდ სამოქალაქო ომში დაღუპულ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიაგებდნენ პატივს. მოგვიანებით სხვა ომებში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების მოხსნიებაც დაიწყეს. ეროვნულ, ფედერალურ დღესასწაულად ეს დღე კონგრესმა 1971 წელს დააწესა და ის ყოველ წელს, მაისის ბოლო ორშაბათს აღინიშნება.
კვირას ვაშინგტონში და მის შემოგარენში ათასობითი მოტოციკლისტი გამოჩნდა. “მგორავი ქუხილი“ ხსოვნის დღის ერთ-ერთი ტრადიციაა. მისი მიზანი ისაა, რომ კიდევ ერთხელ მიეპყროს ყურადღება 83 000-ზე მეტ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამერიკელ სამხედროს - პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ერაყის ომის ჩათვლით. ამავე სიაში იგულისხმება ის 126 ადამიანი, რომელიც ცივ ომთან დაკავშირებული ოპერაციებისას დაიკარგა. პენტაგონის ცნობებით, დაკარგულთა უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 73 ათასი სამხედრო მეორე მსოფლიო ომისას დაიკარგა, 7 700 კორეის ომში, 1600-ზე მეტი კი - ვიეტნამის ომში.
ორგანიზატორების თქმით, წელს მათ ხსოვნის დღეზე ბოლოჯერ ვნახავთ. "მგორავი ქუხილი" პირველად ვაშინგტონის ქუჩებში 1988 წელს გამოჩნდა, ისინი როგორც წესი, პენტაგონის პარკინგზე იკრიბებოდნენ და ვაშინგტონის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. წელს მათი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ღონისძიების კოორდინაციისას პენტაგონის ბიუროკრატიასთან გამკლავება უფრო და უფრო რთული ხდება. გარდა ამისა, სპონსორებს, მომწოდებლებსა და სხვა მხარდამჭერებს უჭირთ პარკინგის სივრცის მიღება და ხშირად ეს უზარმაზრ ჯარიმებს უკავშირდება.
თუმცა ბევრისთვის ახლა ხსოვნის დღე სწორედ მათი ბორბლების მქუხარე ხმასთან ასოცირდება. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ "მგორავი ქუხილი" ყოველთვის სასურველი სტუმარია ქალაქში. პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ისინი დიდი პატრიოტები არიან და იმედია, რომ კიდევ ბევრი წლის მანძილზე ჩამოვლენ ვაშინგტონში.
მიუხედავად ამ განცხადებისა, "მგორავი ქუხილის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმე კარგად არ მიდის და მათ პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ. გარდა ადგილობრივი სიძნელეებისა, ბევრი მათგანი წუხს, რომ მანძილი ხშირად იმაზე დიდია, ვიდრე მათი ფიზიკური შესაძლებლობები. ხსოვნის დღეზე ვაშინგტონში ზოგიერთი მათგანი დასავლეთ სანაპიროდანაც კი ჩამოდის.
Facebook Forum