“პრეზიდენტმა ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ პირველ ადგილას ამერიკის ეროვნულ ინტერესებს დაააყენებდა და სწორედ ამით გამოირჩევა მისი პირველი საპრეზიდენტო წელი”, ამბობს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.
“ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ბოლტონმა მოქმედი პრეზიდენტი მის წინა მორბედ ბარაკ ობამას შეადარა.
“მან მემეკკვიდრეობით მიიღო პრობლემები ირანში, ჩრდილოეთ კორეაში, ახლო აღმოსავლეთში. ეს პრობლემები მოუგვარებელი ან არასწორად იყო წარმართული ობამას ადმინისტრაციის მიერ”, ამბობს ბოლტონი.
რუსეთის მიმართ პრეზიდენტის ნაბიჯები ძალიან მკაცრია და ვფიქრობ რუსებმა ეს იგრძნესჯონ ბოლტონი
ტრამპის მიერ მიღებულ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე საუბრისას, ბოლტონმა წინა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსიც გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტად მოგვარებული პრობლემების ფონზე მოვიდა:
“დამთავრებული იყო “ცივი ომი’’, საზრუნავი მხოლოდ ეკონომიკური ზრდა იყო და შემდეგ თავს დაგვატყდა 11 სექტემბერი. ამიტომაც, მისი პრეზიდენტობა განსხვავებული იყო. პრეზიდენტ ტრამპს დახვდა პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც მას ახლაც უწევს”.
კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მოვლენების განვითარება ირანში, იქნება ეს ისევ მოლაპარაკების გზით თუ საქმე გვექნება ამბოხთან, ბოლტონი პასუხობს, რომ შეერთებული შტატების სანქციები ირანისთვის რთული იქნება.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ტრამპმა დაეტოვებინა ირანის ბირთვული შეთანხმენა, ბოლტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ 2015 წელს დადებული შეთანხმება შეცდომა იყო.
“ობამას მიერ მიღწეული შეთანხმება სასარგებლო იყო ირანისთვის, მაგრამ არ ჯდებოდა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში. ის ეფექტურად ვერ ზღუდავდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას. ის არ მოიცავდა გადამოწმების ეფექტურ მექანიზმებს”, ამბობს ბოლტონი.
შეერთებული შტატების რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას ბოლტონმა თქვა, რომ “პრეზიდენტი ტრამპი ობამა არ არის” და რომ ეს ტრამპმა დაამტკიცა:
“რუსეთი რთულ მდგომარეობაშია. პრეზიდენტმა რუსეთს ძალიან მკაცრი სანქციები დაუწესა. ვფიქრობ, მას სათანადო კრედიტი ამისთვის არ მიუღია. რუსეთის მიმართ პრეზიდენტის ნაბიჯები ძალიან მკაცრია და ვფიქრობ, რუსებმა ეს იგრძნეს. რუსეთი, ამავდროულად, ცდილობს გავლენა გაზარდოს უკრაინაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპპის სხვა ქვეყნებში, სირიაში და ახლო აღმოსავლეთში. ასე რომ რუსეთთან მიმართებით ბევრი საკითხია”.
“ამერიკის ხმასთან” ინტევრიუში ბოლტონმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეაზე და მომავალ თვეს დაგეგმილ სამიტზე, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი უნდა შეხვდნენ. ბოლტონის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის წარმოებაზე შეთანხმება იქნეს მიღწეული.
“ამის მაგალითია აპრილის ბოლოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამიტზე გაკეთებული განცხადება, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა ბირთვული იარაღის წარმოება შეაჩეროს. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან. თუ ჩრდილოეთ კორეამ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, ამის ჩვენება პრეზიდენტ ტრამპისთვის სინგაპურში, 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე შეუძლია“, თქვა ბოლტონმა.