ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ახლო აღმოსავლეთს ირანის სანქციების მხარდაჭერას სთხოვს


ამერიკის ახალი პირველი დიპლომატის პირველი საერთაშორისო ვიზიტის მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება იყო.

პომპეომ პირველი ოფიციალური ვიზიტი სახელმწიფო მდივნის ფიცის დადებიდან სულ რამდენიმე საათში დაიწყო. ის ბრიუსელში ნატოს შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა, იქიდან კი მაღალი რანგის მოლაპარაკებებისა და შეხვედრების გასამართად ახლო აღმოსავლეთში გაემართა, საუდის არაბეთის, ისრაელისა და იორდანიის ლიდერებთან შესახვედრად.

საერთაშორისო ვიზიტისას ევროპაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც არა ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა გამოვა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, თუ კი ის არ "ჩასწორდება".

პომპეოს თქმით, ამერიკა ღრმადაა შეშფოთებული ირანის ქმედებებით ახლო აღმოსავლეთში დომინანტური როლის მოსაპოვებლად და მისი "ბირთვული ამბიციების" გამო. მან დაადასტურა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გეგმავს დატოვოს 2015 წლის შეთანხმება, რომელსაც ამერიკასთან და ირანთან ერთად, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი აწერენ ხელს.

„ამ შეთანხმების შესახებ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიოდ საუბრობდა. ეს შეთანხმება ირღვევა. მან მიმართა ადმინისტრაციის ძალისხმევა იმისკენ, რომ ვცადოთ და გამოვასწოროთ ის, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებთ, ის აპირებს, რომ დატოვოს შეთანხმება. ეს ძალიან ცალსახა გადაწვეტილებაა", განაცხადა პომპეომ.

ამ შეთანხმებას მოლაპარაკების დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ისრაელი. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება თავიდანვე მოიწონა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუკი მოლოდინი არსებობდა, რომ ამ შეთანხმების შედეგად, ირანის აგრესია შეწყდებოდა, ამის საპირისპირო რამ მოხდა და ირანის აგრესია სხვადასხვა ქვეყნის მიმართ გრძელდება. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აუცილებელია ირანის შეჩერება და "ჩვენ ის ერთად უნდა შევაჩეროთ".

ამერიკის პირველმა დიპლმატმა ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა, რაშიც ტერორისტული დაჯგუფების „ჰამასისა“ და ჰუთი მეამბოხეებს მხარდაჭერაც შედის.

„იემენში ირანი აგრძელებს ჰუთი მეამბოხეების იარაღით მომარაგებას, მათ დაფინანსებასა და გაწვრთნას. ესაა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა“, თქვა მაიკ პომპეომ.

ირანი აცხადებს, რომ ის არ აპირებს შეთანხმების რაიმე ჩასწორებებზე დათანხმებას. ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არსებული სიტუაცია შაბათს განიხილეს. ირანი ოფიციალურად სდებს ბრალს დონალდ ტრამპს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ამბობს, რომ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების უპატივცემულობით, დონალდ ტრამპი აყენებს მეოთხე, ახალ, არაპროპორციულ მოთხოვნას, რაც ირანელი ხალხისთვის მიუღებელია.

თუმცა თუკი ტრამპი 12 მაისს ამ შეთანხმებას ხელახალ სერტიფიცირებას არ გაუკეთებს, ამერიკას შეეძლება აღადგინოს სანქციები ირანის წინააღმდეგ.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის აფარგლებში პომპეომ რეგიონულ მოკავშირეებს ამ სანქციების მხარდაჭერისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG