"პატივია, ვიყო დასახელებული წლის ადამიანად,"- ჯო ბაიდენი

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ჟურნალმა "ტაიმმა" წლის ადამიანად დაასახელა. 11 დეკემბრის ნომრის გამოცემის პირველ გვერდზე, სწორედ ბაიდენი-ჰარისის ფოტოა გამოქვეყნებული.

როგორც გამოცემა ამბობს, წლის ადამიანის დასახელების დროს, რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, წლის ადამიანის პოზიციაზე განიხილებოდნენ - ექიმები; ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი. საბოლოოდ, ჟურნალ "ტაიმის" გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და წლის ადამიანის ტიტული ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს გადასცა.

"ისინი არა მხოლოდ ამ წლის, არამედ მომდევნო წლის ადამიანებიც არიან,"- წერია ჟურნალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ბაიდენი მაღალ პოსტებზე ფერადკანიანი ქალების წარდგენას აგრძელებს

წლის ადამიანად დასახელების შემდეგ, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მისთვის პატივია ამ ტიტულის მიღება.

"ჩემთვის პატივია, რომ მე და კამალა ჰარისი წლის ადამიანები გავხდით. ამ სიაში ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანია,"- წერს ჯო ბაიდენი.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიცს 20 იანვარს დადებს და ის ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი იქნება.