ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, 2021 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა.

ამერიკის ბიუჯეტიდან, 2021 წელს თავდაცვაზე 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. პალატამ კომპრომისული თავდაცვის კანონპროექტი, ვეტოს გადამლახველი უმრავლესობით მიიღო.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს. ამის მიზეზი, ისაა რომ აქტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის სურვილს, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორისაა, - სოციალური მედიისთვის მინიჭებულ ფარის გაუქმება, გერმანიიდან ჯარების გაყვანისა და სამხედრო ბაზებისთვის კონფედერატთა სახელების გადარქმევის საკითხი.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის შესაბამისი კომიტეტების კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ავტორიზაციის აქტი თავდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, სენატისა და წარმომადგენლეთა პალატის „შეიარაღებული ძალების“ კომიტეტებს ანგარიში წარუდგინოს. ანგარიში უნდა ასახავდეს ზომებს, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტმა, შავი ზღვის რეგიონში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად მიიღო, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან.

„არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, თავდაცვის მდივანს ევალება წარადგინოს ანგარიში, შავი ზღვის რეგიონში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ. მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან. ანგარიში უნდა შეიცავდეს: ზომებს, რომლებიც მიღებულ იქნა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, შეკავების გასაძლიერებლად; რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად; ნატოსთან უერთიერთთანამშრომლობის და ურთიერთქმედების გასუმჯობესებლად", - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე და ხაზს უსვამს მოკავშირეებისა და პარტნიორების მნიშვნელოვან როლს, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. აქტი მოიცავს მითითებას, რომ ამერიკამ უნდა განაგრძოს ფოკუსირება თავდაცვაში ინვესტირებაზე ერთობლივ, ორმხრივ და მრავალმხრივ სწავლებებზე, რაც ხელს შეუწყობს, აშშ-ისა და კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამასთან, აქტი მოუწოდებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის კუთხით.

„კონფერენციის მონაწილეები მოუწოდებენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განაგრძონ ინვესტიციები სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია აქტში.

აქტის საბოლოო ვარიანტში არ არის საუბარი საქართველოში დემოკრატიული წინსვლის შესახებ ანგარიშის მომზადებაზე. მიმდინარე წლის აგვისტოში, წარმომადგენელტა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით. თუმცა, აქტის კომპრომისულ ვარიანტში, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის და სენატის კომიტეტები შეთანხმდნენ, ეს ნაწილი არ ასახულა.

„პალატის კანონპროექტი მოიცავდა დებულებას, რომელიც ითვალისწინებდა მოხსენებას, საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის შესახებ. სენატის შესწორება არ შეიცავდა მსგავს დებულებას. წარმომადგენელმა პალატამ უკან დაიხია“ - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის და სენატის შესაბამისი კომიტეტების კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში.

ახლა უკვე შეჯერებულ დოკუმენტს კენჭი სენატმა უნდა უყაროს, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG